საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი, არის ის, რაზეც სახელმწიფო შენდება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს მიმართავს და ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკურმა დებატებმა ჯარისკაცებზე არ უნდა იმოქმედოს.

მარგველაშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების უფლება, დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება.

“მე არ ვიყრი კენჭს ამ არჩევნებზე, არც საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობ და ქართველი პოლიტიკოსების ყველაზე ველურმა ფანტაზიამაც ჩემს განცხადებაში პოლიტიკური შინაარსი ვერ უნდა დაინახოს. დღეს, ისევე როგორც აქამდე, მე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავ საზოგადოებას. ვადევნებ რა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს და მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის შემაშფოთებელი ნიშნები დავინახე, რომლის თაობაზეც, სანამ მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არ ჩავერთო საარჩევნო ბატალიებში, ვერ ვიქნებოდი გაჩერებული”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისთვის, მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი.

“არსებული კამპანიის მიმდინარეობისას ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. დღეს იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს, მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს: იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. ოცოდეთ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერნი არიან. ამიტომ მინდა, ეს პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადადეგოთ”, – განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი