ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ 16 ოქტომბერს გადადგება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ხვალ, 16 ოქტომბერს გადადგება თანამდებობიდან, რათა 2018 წლის დეკემბერში მოესწროს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იუწყება რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო.

ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა France24-თან ინტერვიუში, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, 9-10 დეკემბერს ჩატარდება.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლანდელი პარლამენტი დაიშლება, თუკი ვერ მოახერხებს, აირჩიოს ახალი პრემიერი ფაშინიანის გადადგომიდან ორ კვირაში. არცერთი საპარლამენტო ფრაქცია არ აპირებს კანდიდატის წამოყენებას.

ფაშინიანის სცენარის შესაბამისად, ამის შემდეგ პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელი არჩევნები გამოცხადდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ნიშნავს.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას დღემდე წარმოადგენს ყოფილი მმართველი პარტია “რესპუბლიკელები”. ამ არჩევნებში ფაშინიანს იმედი აქვს, რომ მისი პარტიის წევრები უმრავლესობით მოვლენ.

რესპუბლიკურმა პარტიამ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ ჰყავს და არც აქვს სურვილი, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი.

გარეკანის ფოტო: Fotolur

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.