ტრამპმა პომპეოს დაავალა, დაუყოვნებლივ გაფრინდეს საუდის არაბეთში ხაშოგის საქმეზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დაავალა, დაუყოვნებლივ გაფრინდეს საუდის არაბეთში მეფე სალმანთან სასაუბროდ საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

მეფე სალმანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე უარყოფს რაიმენაირ კავშირს ჟურნალისტის გაუჩინარების საქმესთან და არაფერი იცის მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

“არ მინდა, მის [სალმანის] ნაცვლად ვთქვა რამე, მაგრამ ისე მომესმა, რომ შესაძლოა, პასუხისმგებელნი არიან თვითნებურად მოქმედი მკვლელები”,- თქვა ტრამპმა.

“ვეცდებით, გავიგოთ ყველაფერი ძალიან მალე”,- დასძინა მან.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტაბმოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს; იგი Washington Post-ის მესვეტეა და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებელი პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამედ ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

თურქეთი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა იგი საკონსულოში მოკლეს.

საუდის არაბეთი ამ ვერსიას უარყოფს.

თურქეთის თანახმად, ხაშოგის “გაუჩინარებაში” გარეულია 15 ადამიანი საუდის არაბეთიდან, რომლებიც 2 ოქტომბერს ჩაფრინდნენ თურქეთში და მალევე უკან დაბრუნდნენ.

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა დატოვა, თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენიათ.

რამდენიმე დღის წინ ხაშოგის შესაძლო მკვლელობაზე საუდის არაბეთისგან დაუყოვნებლივი პასუხები მოითხოვა დიდმა ბრიტანეთმა.

საქმე “პირად კონტროლზე” აიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია “სანდო გამოძიებას” ითხოვენ, ტრამპი კი სერიოზული რეაგირებით ემუქრება საუდის არაბეთს, თუკი დადგინდება, რომ ჟურნალისტის შესაძლო მკლელობის უკან ისინი დგანან.

ფოტოზე: ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი შედის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში. ფოტო: თურქული მედიასაშუალება TRT World

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.