საქსტატი: 2017 წელს საქართველოდან, წინა წელთან შედარებით, ნაკლები ემიგრანტი წავიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების ამსახველ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. სტატისტიკა მოიცავს 2017 წლის საანგარიშო პერიოდს.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ემიგრანტების რაოდენობა შემცირდა.

კერძოდ, 2016 წელს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყნიდან 98 288 ადამიანი იყო ემიგრირებული. მათგან, 55 255 კაცი, 43 033 კი – ქალი. 2017 წლის მონაცემებით კი, საქართველოდან 85 451 ადამიანია ემიგრაციაში წასული. მათგან, 47 770 კაცი, ხოლო 37 681 – ქალი.

ყველაზე მეტი ემიგრანტი, წინა წლის ანალოგიურად, 2017 წელსაც 25-დან 29 წლის ჩათვლით ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტთა მსგავსად, შემცირებულია იმიგრანტთა რაოდენობაც. 2016 წელს მათი რიცხვი 90 228 იყო, 2017 წლის განახლებული მონაცემებით კი საქართველოში 83 239 იმიგრანტი ცხოვრობს.


აღნიშნული სტატისიკა ემიგრანტად მოიაზრებს პირებს, რომლებმაც 2017 წელს დატოვეს ქვეყანა და უკან ერთი წლის პერიოდში არ დაბრუნებულან. იმიგრანტების შემთხვევაში კი ის პირები იგულისხმებიან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი ამავე პერიოდში გადმოკვეთეს და ქვეყანაში ერთ წელზე მეტი დაჰყვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.