სააპელაციო საბჭომ IBSU-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს.

გადაწყვეტილება განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტორიზაციის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს”, განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ.

როგორც უნივერსიტეტის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, სააპელაციო საბჭომ მიიღო “სწორი” და “სამართლიანი” გადაწყვეტილება:

“სააპელაციო საბჭომ, ფაქტობრივად, გაიზიარა ჩვენს საჩივარში მითითებული გარემოებები, რომ ის არგუმენტაცია, რომლის გამოც შეეზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით, ჩაითვალა დაუსაბუთებლად და დაუბრუნდა ავტორიზაციის საბჭოს ხელახლა განსახილველად”, -უთხრა ჟურნალისტებს ბარათაშვილმა.

ავტორიზაციის საბჭომ, 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

“ვფიქრობ, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა. კიდევ ერთი ახალი გარემოება არის ის, რომ გადარიცხულია ის სადავო თანხა შემოსავლების სამსახურში. აქედან გამომდინარე, არავითარი დაბრკოლება აღარ უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს იმისათვის, რომ მიიღოს სტუდენტები”, – დასძინა ბარათაშვილმა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა 19 სექტემბერს 11-წევრიან სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. დღეს 11-დან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი ავტორიზაციის საკითხის ხელახლა განხილვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.