ახალი ამბები

თუ სუბელიანი დაგვემუქრება, ამ მუქარის არ გვეშინია – კობახიძე

15 ოქტომბერი, 2018 • 7021
თუ სუბელიანი დაგვემუქრება, ამ მუქარის არ გვეშინია – კობახიძე

პარლამენტის თავმდჯომარემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არ ეშინია მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების და ხელოვნურად შექმნილი კომპრომატების. ირაკლი კობახიძის თქმით, მაგალითად, თუ მირზა სუბელიანი ხელისუფლებას დაემუქრება, მმართველ გუნდს ამის არ ეშინია, რადგან საკუთარი პრინციპების შესაბამისად მოქმედებს.

რუსთავი 2-ზე 14 ოქტომბერს გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “როგორც ერთი სპექტაკლი უკვე წარუმატებლად დასრულდა ოპოზიციისთვის, ასევე წარუმატებლაც დასრულდება ეს ახალი სპექტაკლიც. პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს კვლავ მათი მმართველობის 9 წელს ახსენებს.

“ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც უკვე დასრულდა წარუმატებლად. ახლა შემოგვთავაზეთ მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება და რატომ? იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არსებობს გადაცდომა და დანაშაული, ვერ შეიქმნება ვერანაირი კომპრომატი.

თქვენს 9 წელს რაც შეეხება, იქ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა შთაბეჭდილება თქვენს რეჟიმზე… შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა? 10 ათასმა კაცმა აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი ქონება, მაგალითად. ეს ფაქტი იყო. კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ. ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი. ამიტომ, ამას ვერ გადაფარავთ ვერანაირად: ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი. პარალემნტი თავის ფუნქციას შეასრულებს.

რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელაიანის საკითხს – ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი… თქვენი მესიჯი იყო ის, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის, შანტაჟის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქაირს გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვექნება იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმქომედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის არ გვეშინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატებსა და პარლამენტის თავმდჯომარეს შორის დაძაბული საუბარი რამდენიმე წუთი გაგრძელდა.


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ციხეში მყოფ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება უცნობმა პირმა შანტაჟისა და მუქარის გზით მოსთხოვა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ-ს, რის შემდეგაც ი.პ-მ პროკურატურას მიმართა და გამოძიება დაიწყო ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს, სანამ ამ ჩანაწერებს რუსთავი 2 გაავრცელებდა.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  აღნიშნული ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომელიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება ბიზნეს რეკეტში სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

ვიდეო დღვანდელი ბიუროს სხდომიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი