ახალი ამბები

ინაშვილს სუბელიანთან შეხვედრა სურს: მინდა მისგან მივიღო ინფორმაცია იმაზე, რაც მოვისმინეთ

15 ოქტომბერი, 2018 • 1810
ინაშვილს სუბელიანთან შეხვედრა სურს: მინდა მისგან მივიღო ინფორმაცია იმაზე, რაც მოვისმინეთ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან”, ირმა ინაშვილი მირზა სუბელიანთან პირადად შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. ამისთვის ინაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

როგორც დეპუტატი ამბობს, თუ “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი სიმართლეს შეიცავს, ეს სახელმწიფოებრიობის კრიზისის მაჩვენებლია. ინაშვილს ჩანაწერში დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით სუბელიანთან პირადად სურს საუბარი:

“რასაც ვისმენთ, აქ თეატრალიზაციის  ხარისხი იმდენად დიდია, რომ საზოგადოება პრაქტიკულად ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე და სად – არა. რასაც ვისმენთ, თუ თეატრალიზაციის ამ ხარისხს ჩამოვაცილებთ და ამ ყველაფერში სიმართლის ნახევარი მაინც არის, ესე იგი ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრიობის პრობლემა. ამიტომ, მე დღესვე მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, მომეცეს  საშუალება პირადად შევხვდე ბატონ სუბელიანს”, – თქვა ირმა ინაშვილმა

დეპუტატის თქმით, ის ღიად ერთვება ამ პროცესში: “მინდა მისგან მივიღო დეტალური ინფორმაცია ყველაფერი იმის შესახებ, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მე ვიქნები ობიექტური და არცერთ შემთხვაში არ დავუშვებ იმას, რომ თუ არის სიმართლე სადღაც, ეს სიმართლე დაიკარგოს. მაგრამ მთელი პრეროგატივა დღეს არის გადატანილი გამოძიებაზე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ისეთ გამოძიებასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც დადებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ ყოველთვის  გვესმის, რომ აღძრულია საქმე, მიდის გამოძიება და მერე არაფერი”, – ამბობს დეპუტატი.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი