ბესელია სუბელიანის ჩანაწერზე: კითხვები მაქვს მის კანონიერებასა და ავთენტურობაზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, ამბობს, რომ  მათ ავთენტურობასა და კანონიერებაზე კითხვის ნიშნები აქვს.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერის შინაარსზე საუბარი  და შემაჯამებელი დასკვნების გაკეთება იმ დრომდე არ შეიძლება, სანამ მისი ავთენტურობა და კანონიერება არ დადასტურდება:

“კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს  ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობზე. იმისთვის, რომ რაიმე სამართლებრივი ღირებულება ჰქონდეს და შინაარსზე იმსჯელო, აუცილებელია ვიცოდეთ, ავთენტურია და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერები. თუ ეს დადასტურდება, ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ სხვა საკითხებზე და დავსვათ ყველა კითხვა”, – ამბობს დეპუტატი.

გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.