ახალი ამბები

სამადაშვილის პასუხი მერაბიშვილს, “ნაცმოძრაობა” – “ევროპული საქართველოს” გაერთიანებაზე

15 ოქტომბერი, 2018 • 3584
სამადაშვილის პასუხი მერაბიშვილს, “ნაცმოძრაობა” – “ევროპული საქართველოს” გაერთიანებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ ეტაპზე გამორიცხავს “ევროპული საქართველოსთან”  გაერთიანების საკითხს. ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის განცხადებას. მერაბიშვილმა 14 სექტემბერს თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ორმა პარტიამ ბრძოლა ერთად გააგრძელოს.

ნეტგაზეთთან საუბრისას სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესში მისი პარტია საერთო ოპოზიციური კანდიდატის დასახელების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ეს შეთავაზება “ევროპულმა საქართველომ” არ მიიღო.

კითხვაზე, თუ გრიგოლ ვაშაძეს “ევროპული საქართველო” მეორე ტურში მხარს დაუჭერს, იქნება თუ არა ეს მომავალში შესაძლო გაერთიანების წინაპირობა, სამადაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობა” ითანამშრომლებს იმ პარტიებთან, რომლებიც პროდასავლურები არიან და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვიან.

“გაერთიანების საკითხზე სასაუბროდ მგონია, ჯერ დრო არ არის, რადგან წინ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ივანიშვილის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა. ვხედავთ, რომ “ევროპულ საქართველოშიც” არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ამიტომ დატოვა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მათი ფრაქცია ერთ-ერთმა წევრმა,” – ამბობს სამადაშვილი.

14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილს რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდება. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ პარტიაში გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, მერაბიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ გაერთიანდნენ და საერთო მიზნებისთვის იბრძოლონ.

სალომე სამადაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება უჭირს და კარგი იქნებოდა, მერაბიშვილს თავად ჰქონოდა შესაძლებლობა ამ საკითხის შესახებ ვრცლად ესაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი