ახალი ამბები

სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა პანკისში წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს

15 ოქტომბერი, 2018 • 14717
სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა პანკისში წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს. ამის შესახებ ინფრომაცია უწყებამ დღეს, 15 ოქტომბერს გაავრცელა.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გადამოწმების მიზნით, გააჩერეს მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი. შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია რეინჯერების მიერ წითელი ნუსხით დაცული არჩვის მოკვლასთან დაკავშირებით თავდაპირველად “რეგინფომ” გაავრცელა. როგორც მედიასაშუალება პანკისის სათემო რადიოზე დაყრდნობით წერს, ბრაკონიერებს არჩვი გატყავებული გადაჰქონდათ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის საჩუქრად გადასაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი