ახალი ამბები

გამოირიცხა მძიმე მეტალებით მერაბიშვილის მოწამვლა – პენიტენციური სამსახური

15 ოქტომბერი, 2018 • 1376
გამოირიცხა მძიმე მეტალებით მერაბიშვილის მოწამვლა – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესაძლო ფაქტი, როგორც ამას მისი ადვოკატები ვარაუდობდნენ. 

პენიტენციური სამსახურის ცნობით, “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე” უწყება ავრცელებს მერაბიშვილისთვის ჩატარებული ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის პასუხებს. 

“ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე: რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფის” მიერ. მიღებული პასუხის შედეგად  ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. უწყებისვე ცნობით, ექიმთა კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ მერაბიშვილი დამატებით კვლევებს ტოქსიკოლოგიური მიმართულებით არ საჭიროებს.

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუარესდა. ის არაერთხელ გადაიყვანეს სხვადასხვა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა ჰორნერის სინდრომი. თუმცა ვერ დადგინდა ზუსტი მიზეზი, რის გამოც მას ეს სინდრომი აქვს.  პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გამოირიცხა სხვადასხვა მძიმე დაავადება, მათ შორის, სიმსივნე.

მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულს არ უტარდება შესაბიმისი გამოკვლევები, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი