ახალი ამბები

“ნაცმოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ერთად უნდა იბრძოლონ – მერაბიშვილი

15 ოქტომბერი, 2018 • 2151
“ნაცმოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ერთად უნდა იბრძოლონ – მერაბიშვილი

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. “რუსთავი2”-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ გაერთიანდნენ და საერთო მიზნებისთვის იბრძოლონ.

“შეიძლება, ეს ციხის სინდრომია, არის,[თუმცა] მე ყველაფერი მეჩვენება ისეთ სურათებში, როგორიც იყო ჩემს დაპატიმრებამდე. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ პარტია არის გაყოფილი. ჯერაც ისე ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახონ საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლონ, საერთო მიზნის მისაღწევად. ამიტომ, ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, რადგან ისინი ჩემს მეგობრებად და თანამებრძოლებად მიმაჩნია. ვერ ვყოფ ამ ადამიანებს”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა:

“მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე ფასეულობები გააჩნიათ, იქნებიან ერთად. მინდა, ისინი იყვნენ ერთად და იბრძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი