ახალი ამბები

ერაყში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში დააბრუნეს

13 ოქტომბერი, 2018 • 5670
ერაყში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში დააბრუნეს

ერაყში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის მცირეწლოვანი შვილები დღეს, 13 ოქტომბერს, თბილისში დააბრუნეს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვებს ოჯახის წევრები და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დახვდნენ.

ბავშვების დედა, 1993 წელს საქართველოში დაბადებული ქალი, ამჟამად ბაღდადის ციხეში იმყოფება და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. დაპატიმრებულის ქმარი, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ტერორიზმში იყო ბრალდებული. საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა სწორედ ტერორიზმში ბრალდებულის “მეუღლის სტატუსის” გამო მიუსაჯეს. რამდენიმე თვის მანძილზე, საპატიმროში დედასთან ერთად მისი სამი შვილიც იყო მოთავსებული.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამართლებრივი პროცესი ბავშვების ციხიდან გამოსაყვანად მას შემდეგ დაიწყო, რაც ერაყში საქართველოს ელჩმა გია ბარბაქაძემ ვითარება მინისტრ თეა წულუკიანს გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანი მაისში ბაღდადშიც იმყოფებოდა, სადაც თავის ერაყელ კოლეგას, ჰეიდარ ალ ჯამილის შეხვდა. მანვე დაპატიმრებული ქალისაგან ბავშვების საქართველოში დაბრუნების თანხმობა მიიღო.

“ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს. -ის  შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ „UNICEF“-ისა და „ICRC“-ის ერაყის ოფისები”, – აცხადებს უწყება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბავშვები ბებიასთან და პაპასთან ერთად იცხოვრებენ.

საქართველოში დაბრუნებული ბავშვები, ოჯახის წევრები და იუსტიციის მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების განადგურების შემდეგ, ერაყელმა სამართალდამცავებმა ტერორიზმში ბრალდებულთა ოჯახების  ასობით წევრი დააპატიმრეს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მხოლოდ გასული წლის სექტემბრის მონაცემებით, რომელიც Reuters-მა გაავრცელა, ერაყის ხელისუფლებას 1 400-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი და ბავშვი ჰყავდათ დაკავებული. მათ შორის იყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეებიც.

ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს.-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს.-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი