ჯასტინ ტრუდომ ერევანში ვიზიტისას სომხეთის დემოკრატიული ცვლილებები შეაქო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ერევანში ვიზიტასას შეაქო “სომხეთის გარდამავალი პროცესი დემოკრატიულობისკენ”.

როგორც რადიო თავისუფლების სომხურენოვანი გამოცემა იუწყება, ტრუდო, ფრანკოფონიის სამიტის პარალელურად, ერევანში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

“ახლა მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა დემოკრატიაში ვხედავთ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა პოპულიზმის აღზევება, გაყოფის პოლიტიკა, და ქვეყნების დაშორება დემოკრატიისაგან, თქვენ კი აქ, სომხეთში, ძლიერად და ამაყად მიაბიჯებთ სწორი მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით”, თქვა ტრუდომ ფაშიანიანთან ოფიციალურ სადილზე.

“ფოკუსი, რაც თქვენ, ნიკოლ, ხალხთან დაკავშირებაზე, ხალხის სამსახურში დგომასა და დემოკრატიული და ეკონომიკური შესაძლებლობებით ხალხის გაძლიერებაზე, მაგრამ ყველაზე მეტად — სიამაყითა და თავდაჯერებულობით მომავლის  მშენებლობაზე — გაქვთ, უბრალოდ, გასაოცარია”, უთხრა ფაშინიანს ტრუდომ.

2018 წლის გაზაფხულზე სომხეთში უპრეცედენტო დემონსტრაციების შედეგად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა: გადადგა პრემიერი სერჟ სარქისიანი, პარლამენტმა ახალ პრემიერად აირჩია დემონსტრაციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: სომხეთი რევოლუციის შემდეგ]

ტრუდოს თქმით, კანადა მზადაა, დაეხმაროს სომხეთს საგარეო ინვესტიციების მოზიდვასა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

მისასალმებელ სიტყვაში ტრუდომ აღნიშნა, რომ სასიამოვნოდ გაოცებული იყო იმ “თბილი მიღებით”, რაც ერევანში დახვდა.

 

ნიკოლ ფაშინიანი და ჯასტინ ტრუდო. ფოტო: სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფეისბუკის გვერდიდან

კანადისა და საფრანგეთის ლიდერები ერევანში ფრანკოფონიის XVII სამიტს დაესწრნენ. ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს.

ფრანკოფონიის წლევანდელი სამიტის თემა იყო “სოლიდარობით, საერთო ჰუმანისტური ღირებულებებით, მრავალფეროვნების პატივისცემით ცხოვრება — მშვიდობისა და კეთილდღეობის წყარო ფრანკოფონიაში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.