ახალი ამბები

შსს-მ გირჩის კანაფის ფესტივალზე გამოძიება დაიწყო

13 ოქტომბერი, 2018 • 2478
შსს-მ გირჩის კანაფის ფესტივალზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო “გირჩის” მიერ დაანონსებულ “კანაფის ფესტივალთან” დაკავშირებით. პარტია 20 ოქტომბერს აპირებს დედაენსი ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში”, წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ “ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”, პოლიციის ფუნქცია კი არის “მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა”.

პოლიცია “გირჩს” აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალზე “ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას”, პოლიცია “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს” გაატარებსო.

უწყება საზოგადოებას “მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან” თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე დღით ადრე “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აპირებს, ჩაიდინოს “მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი”.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომელიც მიზნად ისახავს მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა კვლავ ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის), – გამოიწვევს დაჯირიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

ქმედების განმეროების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1 000-დან 1 500 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარება ლეგალურია მხოლოდ პირად სივრცეში. გამონაკლისს წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანის მოხმარება. 21 წელს მიუღწეველთა მიერ კანაფის მოწევა ადმინისტრაციული წესით დაისჯება. კანონპროექტით, ჯარიმის ოდენობად 500 ლარიდან 1 000 ლარამდეა განსაზღვრული.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სამხედრო ნაწილში ყოფნისას და 18 წლამდე პირთათვის განკუთვნილი ადგილებიდან 150 მეტრის რადიუსზე ახლოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი