ახალი ამბები

ევროპარლამენტი შეშფოთებულია “თურქეთის წნეხის გამო” IBSU-ზე – შესწორება ანგარიშში

12 ოქტომბერი, 2018 • 3600
ევროპარლამენტი შეშფოთებულია “თურქეთის წნეხის გამო” IBSU-ზე – შესწორება ანგარიშში

ევროპარლამენტი თურქეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე წნეხით შეშფოთებულია – ამის შესახებ ერთ-ერთ შესწორებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში უნდა შევიდეს. შესწორების ავტორი “მწვანეების ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი, ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსია.

ევროპარლამენტი  ამ კონტექსტში შავი ზღვის უნივერსიტეტსაც მოიხსენიებს, რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუჩერა.

”ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი ახორციელებს საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რადგანაც ამ უკანასკნელს უკავშირებენ გიულენის მოძრაობას.

ორგანიზაცია მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, ყურადღებით ადევნონ თვალყური ხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს და სხვა ნებისმიერ ქმედებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული შესაბამისობა ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან;

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დახმარება გაუწიონ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით, თურქეთის მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი IBSU-ს საკითხს თურქეთის ხელისუფლებას აქამდეც უკავშირებდა. 7 სექტემბერს მან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სოლიდარობა “ტვიტერის” მეშვეობით გამოუცხადა და საზოგადოებას მიმართა:  “დადექით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად! …ნუ მისცემთ უფლებას ერდოღანს, საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს!”

რამდენიმე დღის წინ IBSU-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტის წევრი ანა გომესიც გაეცნო, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.

ხსენებული ანგარიში, რომელშიც ეს და კიდევ 228 შესწორება უნდა შევიდეს, საქართველოს მიერ ასოცირებულის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულების პროცესს განიხილავს. მიმდინარე წლის 7 სექტემბრამდე ევროპარლამენტარებს საშუალება ჰქონდათ, მასში შეეტანათ მათთვის სასურველი შესწორებები. ისინი ყურადღებას ადამიანის უფლებებზე, ეფექტურ მმართველობასა და სხვა საკითხებზე ამახვილებენ.

IBSU-ს საქმე – შესაძლო პოლიტიკური მოტივები

IBSU-ს გარშემო განვითარებული მოვლენების შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე უნივერსიტეტის მხარდამჭერები საქართველოშიც საუბრობენ. პოლიტოლოგ გია ნოდიას ავტორიზაციის საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ IBSU-სთვის დაწესებულ შეზღუდვამდე 4 დღით ადრე, 16 აგვისტოს, თურქეთის ელჩმა საქართველოში “ანადოლუს” უთხრა, რომ თურქეთი “გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა. ფატმა ჯერენ იაზგანმა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთიულაჰ გიულენის მხარდამჭერები იგულისხმა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

მან ასევე თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.


20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა IBSU-ს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუზღუდამიზეზად ფინანსური არამდგრადობა, კერძოდ, სახელმწიფოსადმი არსებული დავალიანება სახელდებოდა.  26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა.  ცენტრში უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება აპელაციის გარეშე ვერ გადაიხედება. უნივერსიტეტი ამჟამად სააპელაციო საბჭოში დაობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი