ახალი ამბები

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს – TDI

12 ოქტომბერი, 2018 • 1960
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს – TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი 30 სექტემბერს თბილისში 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს და უწყებას ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 12 ოქტომბერს გაავრცელა.

ინსტიტუტის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზეა ჩადენილი, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს და გამოძიებამ დამამძიმებელი გარემოებები მხედველობაში მიიღოს.

“ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩადენილია ნეონაცისტური ჯგუფის წევრების მიერ.

ვიტალი საფაროვის საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ ის შესაძლოა იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით, მიგვაჩნია, რომ საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს 109-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ საქართველოში და ამ შემთხვევაში, თბილისში, კერძოდ, მკვლელობის ადგილას – თავისუფლების მოედნის მიმდებარე ბარებში – ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფებები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ორგანიზაცია ბარებში მომუშავე პერსონალზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო ადგილზე არაერთი ინციდენტიც მომხდარა, თუმცა “ამ ფაქტებზე არასაკმარის რეაგირებას ახდენდა”.

“ყველა უცხოელის მიმართ აგრესია ჰქონდათ, კასტეტებით, დანებით, რკინის ჯაჭვებით დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ, ბოთლებს ესროდნენ მანქანებს, ბარმენებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ჩხუბებს ტეხავდნენ, სიამაყით ყვებოდნენ, როგორ სასტიკად სცემდნენ უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში[…]

პოლიციას თვალიც არ დაუხამხამებია, არც მაშინ ჰქონდათ რეაქცია, ჩემს ყოფილ უფროსს გადამტვრეული ბოთლი რომ დაადო სახეზე და დასახიჩრებით ემუქრებოდა, უბრალოდ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევდნენ და მშვიდად მიდიოდნენ”, – ციტირებს TDI ერთ-ერთი ბარის თანამშრომელს.


2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის ცნობით,  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა.

საქმესთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მუხლი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება.

პროკურატურის განცხადება საფაროვის შესაძლო ქსენოფობიურ მკვლელობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი