ახალი ამბები

საარჩევნო პროგრამას 15 ოქტომბერს გავავრცელებთ – სალომე ზურაბიშვილის შტაბი

12 ოქტომბერი, 2018 • 3286
საარჩევნო პროგრამას 15 ოქტომბერს გავავრცელებთ – სალომე ზურაბიშვილის შტაბი

prezidenti.ge, რომელიც “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) პროექტია, 2013 წლიდან მოყოლებული აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

წელსაც EECMD-მა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებს შესთავაზა მოკლე პასუხები გაეცათ 19 ყველაზე აქტუალურ/მნიშვნელოვან საკითხზე. თუმცა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვები უცნობი დარჩა – სალომე ზურაბიშვილს კითხვარი არ შეუვსია.

როგორც EECMD-ში აცხადებენ, მათ არაერთხელ მიმართეს პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს, ოფიციალური წერილი და კითხვარი გაუგზავნეს როგორც ელექტრონული ფოსტით და სოციალური ქსელის მეშვეობით, ისე ამობეჭდილი სახით მიუტანეს ოფისში, თუმცა, უშედეგოდ.

“ჩვენ ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პროგრამა. არ გვინახავს მისი პროგრამა. სამწუხაროდ, არც მის საიტზე არ არის მსგავსი არაფერი მოცემული”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის ვებ-გვერდი მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის წინაპრებზე, ქართულ ბავშვობაზე პარიზში და ოჯახზე, დიპლომატიურ გზაზე საქართველომდე, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და შემდეგ, ოპოზიციაში.

“საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ევროპული ტიპის ქვეყანა, სადაც არის ერთიანობა, სიმშვიდე და შემწყნარებლობა. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები! ესაა ის, რაზეც ოცნებობს თითოეული თქვენგანი! ჩვენს სამშობლოს უნდა ვემსახურო, სანამ შემიძლია ‒ ესაა ჩემი როლი ამ ცხოვრებაში! სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენი მხარდაჭერით, გავხდე საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება საზოგადოების გამაერთიანებელი, მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის! მჯერა, რომ მოვიპოვებ თქვენს ნდობას და ვიქნები თქვენს მიერ არჩეული საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი!” – ეს არის ზურაბიშვილის “პირობა წინაპრების, ქვეყნის და მომავლის წინაშე”. სხვა რაიმე პროგრამა მის ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება.

“ნეტგაზეთმა” სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან გამოითხოვა, სადაც გვითხრეს, რომ პროგრამას 15 ოქტომბერს გამოგვიგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი