ახალი ამბები

ისეთი რეკომენდაცია გავეცით, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევდა – ომბუდსმენის აპარატი ახობაძის საქმეზე

12 ოქტომბერი, 2018 • 2422
ისეთი რეკომენდაცია გავეცით, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევდა – ომბუდსმენის აპარატი ახობაძის საქმეზე

სახალხო დამცველის აპარატი თამაზ ახობაძის საქმეზე გაცემულ რეკომენდაციაზე განმარტებას აკეთებს. როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ განაცხადა, დასკვნის რეკომენდაციის ნაწილს სწორედ ისეთი სახე ჰქონდა, როგორის საშუალებასაც ქართული კანონმდებლობა იძლევა.

თამაზ ახობაძის განმარტებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრში არაფორმალურ შეხვედრაზე დაიბარეს, სადაც საკითხის განხილვასთან ერთად, სახალხო დამცველის რეკომენდაციაზეც იმსჯელეს. როგორც ის ნეტგაზეთთან განმარტავს, სახალხო დამცველის რეკომენდაციაში საუბარი იყო მხოლოდ განაცდურის ანაზღაურებაზე, ხოლო თანამდებობაზე ვერაღდგენის შემთხვევაში კომპენსაციაზე არაფერი ეწერა.

“კანონმდებლობიდან გამომდინარე, როცა შეუძლებელია იმ კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, უწყებამ უნდა შესთავაზოს ტოლფასი თანამდებობა ან მისცეს პირს კომპენსაცია, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვეტყოდით უწყებას, მიეცა ის კომპენსაცია, რომლის ოდენობაც სასამართლოს არ განუსაზღვრავს.

სასამართლოს არ განუსაზღვრავს ეს კომპენსაცია, შესაბამისად, ამაზე რეკომენდაციას ვერ გავცემდით. ასევე ვერ გავცემდით რეკომენდაციას, რომ გაეთავისუფლებინათ ის ადამიანი სამსახურიდან, რომელსაც ამჯერად უკავია ის პოზიცია. ასეთი რეკომენდაცია კანონიდან არ გამომდინარეობს, ვერც ერთ ნორმას ვერ დამისახელებთ, საიდანაც ეს უკანასკნელი შეიძლება გამომდინარეობდეს”, – გვეუბნება თამარ გვარამაძე.

მისივე თქმით, თამაზ ახობაძის შემთხვევაში, უწყება სხვისი გათავისუფლების ხარჯზე ვერ აღადგენს მას თანამდებობაზე. ამასთანავე, კომპენსაციის განუსაზღვრელობის გამო, ვერც ამ ფულად ანაზღაურებას გადაუხდის. შესაბამისად, მათ მოუწოდეს უწყებას, რომ ახობაძესთან გააგრძელონ მოლაპარაკებები და ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

თამაზ ახობაძეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, შეხვედრა არაფორმალური იყო, სადაც მას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ვერც ყოფილ თანამდებობაზე აღადგენდნენ და ვერც კომპენსაციას გადაუხდიდნენ.

“სახალხო დამცველის დასკვნის ნაწილში წერია, ცენტრმა ყველა კანონიერი ზომა გაატაროს, რომ აღადგინოს თამაზ ახობაძე, მაგრამ თუ ვერ აღადგენს, შესთავაზოს განაცდური, რომელიც იქნება სამართლიანი და ა.შ. ეს დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის ნიშნავს იმას, რომ ისინი მე კომპენსაციას აღარ გადამიხდიან. პირდაპირ გახაზული ჰქონდათ ცენტრში ეს მონაკვეთი და მეუბნებოდნენ, რომ სახალხო დამცველსაც უწერია, რომ თუ ვერ აღგადგენთ, მაშინ მოგცეთ განაცდური. პირდაპირ ალტერნატივა შესთავაზა სახალხო დამცველმა მათ”, – დასძინა ახობაძემ ნეტგაზეთთან.

მისივე თქმით, ცენტრი აპირებს, რომ აღსრულების დოკუმენტაცია აღსრულების გარეშე დაუბრუნოს.

“რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის შეტანა საქალაქო სასამართლოში თავიდან მომიწევს. ამასთანავე, მაქვს ინფორმაცია, რომ ცენტრში რეორგანიზაციას აპირებენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გააუქმებენ ჩემს პოზიციას და რაც იქნება დამატებითი დაბრკოლება. ამის დანახვა არავის უნდა”, – ამბობს ახობაძე.

ვრცლად თამაზ ახობაძის საქმეზე:

თამაზ ახობაძე პრევენციის ცენტრთან შეხვედრას ითხოვს, ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი