პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები გარემოს დაცვაზე

გთავაზობთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვებს გარემოს დაცვის/ეკოლოგიის საკითხებზე:

დავით ბაქრაძე

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;
  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;
  • საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას;
  • მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებას და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;
  • საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

გრიგოლ ვაშაძე

ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით მრავალი რისკი არსებობს: ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით, ნარჩენების მართვის პრობლემა, პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და რადიოაქტიული ნივთიერებებით დაბინძურების პრობლემა, პრობლემური ნიადაგების დეგრადაცია და ეროზია, წყლის და კანალიზაციის გაუმართავი სისტემების არსებობა, მინერალების ღია კარიერული წესით მოპოვება, ტყის და ბიომრავალფეროვნების დაუცველობა და სხვა. საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული გამონაფრქვევებით. გარემოს დაბინძურებაში დიდი წვლილი აქვს ნარჩენების პრობლემას. რამდენიმე ქალაქის გარდა, ნაგავი უახლოეს ხევში ან მდინარეში იყრება. იქ კი, სადაც ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელებია, უმრავლესობას არ გააჩნია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა.

გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, რისი გაუვნებელყოფაც არ ხდება და რაც აუცილებელია. საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სტანდარტებზე აგებული პოლიტიკა და, შესაბამისად, კანონმდებლობა ნარჩენების მართვის სფეროში. არ არსებობს ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან, მწარმოებლის პასუხისმგებლობა ან წახალისება რესურსების დაზოგვის და ნაკლები ნარჩენის წარმოქმნისთვის.

ყველაზე მწვავე პრობლემა არაეფქტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებული ენერგოპოლიტიკაა. ის არის ორიენტირებული არა მთლიანად ენერგოსექტორის გაუმჯობესებაზე, არამედ მხოლოდ ჰიდრორესურსების სწრაფ ათვისებაზე. ენერგოპოტენციალის მხოლოდ კომერციული და მონეტარული კრიტერიუმებით შეფასება არასწორია და მოძველებულია. უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ენერგიის დამზოგველი პოლიტიკისკენ. უნდა შემუშავდეს ლექტროენერგეტიკისა და განვითარების სტრატეგია, გადაიხედოს დაგეგმილი ელექტროსადგურების მშენებლობა და გაკეთდეს პროექტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. უარი უნდა ითქვას გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და დაიწყოს არსებული ჰესების რეაბილიტაცია-გაწმენდის პროგრამა, რაც დაახლოებით ათას მეგავატამდე გაზრდის გამომუშავებას. ჰესების მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის ბუნებრივი გარემო და იქ მცხოვრებთა ინტერესები. სახელმეწიფომ მოსახლეობაში უნდა დაიწყოს ენერგორესურსის თვითგამომუშავების სტიმულირება, რისი პოტენციალიც საქართველოში მაღალია.

ასევე, უნდა დაიწყოს ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება.ქვეყანაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ლიცენზიების გაცემის, ტყის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის, სივრცითი დაგეგმვის და სხვა კანონმდებლობები.

დავით უსუფაშვილი

ამ სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით ყველაფრის განადგურება და გვაქვს მოსავლელიც, გადასარჩენიც და აღსადგენიც. ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნიკალურია, მაგრამ მისი გაჯანსაღების და შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მეთოდები, რეგულაციები და ინსტრუმენტები არ არის უნიკალური. ეკოლოგიური და ფიზიკური სისტემების სტაბილურობისთვის გვჭირდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პოლიტიკა. უაღრესად
მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან და ევროგაერთიანების დირექტივების სრულად გათვალისწინება.

მხარდაჭერილი იქნება ყველა ის საკანონმედებლო ინიციატივა თუ სამთავრობო ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანზე გარემოს ზიანის მიმყენებელი რისკების შემცირებაზე: განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება; წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესება; ქალაქებში მწვანე ნარგავების კვოტების დადგენა; მწვანე საფარის აღდგენა და ახლის გაშენება; დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება; კერძო სექტორისთვის სამოტივაციო სისტემების შექმნა და სხვა.

სიჯანსაღესთან ერთად საჭიროა საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია სტიქიური მოვლენების პროგნოზირების, თავიდან აცილების, მათთან გამკლავების, მოსახლეობის ინფორმირების და განათლების ეფექტური სისტემის ქონა. ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე და სილამაზე – ჩვენი მთები, მდინარეები და ტყეები – ზოგჯერ ჩვენივე
მოქალქეებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ამ საკითხშიც საჭიროა სხვა მსგავსი რელიეფის, კლიმატის თუ განსახლების არეალის მქონე ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარება.

ზურაბ ჯაფარიძე

მხოლოდ კერძო ინტერესების გაზრდა, საკუთრების უფლების გაძლიერება და პრივატიაზაცია წარმოშობს სტიმულებს ეფექტურად და ეფექტიანად გამოვიყენეოთ ბუნება ადამიანებმა ისე, რომ მას ნაკლები ზიანი მიადგეს.

შალვა ნათელაშვილი

დეოლიგარქიზაციაა პირველი გარანტი, რომ საქართველოში არ გაიჩეხება ტყეები, არ შემოვა ტყვიის შემცველობის საწვავი, არ მოხდება წიაღისეულის მოპოვება ღია, დამანგრეველი მეთოდით.


პოზიციები მომზადებულია Prezidenti.ge-ის მიხედვით. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ კითხვარი სალომე ზურაბიშვილსაც გაუგზავნეს, თუმცა პასუხები არ მიუღიათ. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

ამავე თემაზე

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები ნარკოპოლიტიკაზე

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები ლგბტქი პირთა უფლებების შესახებ

პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები განათლების სისტემაზე

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ

საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები აქტუალურ საკითხებზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი