ახალი ამბები

კრემლის მიერ მხარდაჭერილი ფორუმი თბილისში გაუქმდა

12 ოქტომბერი, 2018 • 3993
კრემლის მიერ მხარდაჭერილი ფორუმი თბილისში გაუქმდა

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით, 12–14 ოქტომბერს საქართველოში უნდა გამართულიყო “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი”. ღონისძიების უშუალო ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია “საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი”.

დღეს, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ფორუმი არ გაიმართება.

“სამწუხაროდ, ფორუმის მომზადების პროცესში ჩვენ შევეჯახეთ არამოტივირებული აგრესიის გამოვლინებას ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მასმედიის მხრიდან. სოციალურ ქელებში გვემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით”, – წერს “საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი” ფეისბუკზე.

ორგანიზატორების განცხადებით, მათ წინააღმდეგ მედიასაშუალებებმა მოამზადეს სიუჟეტები, ასევე, მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს პოლიტიკოსებმა.

“ამ პირობებში არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ფორუმის მონაწილეთა უსაფრთხოება”, – აღნიშნავენ ფორუმის ორგანიზატორები.

თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ ფორუმში მონაწილეობას მიიღებდნენ პოლიტიკის, მეცნიერების, კულტურის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე, საქართველოში რუსულენოვანი დიასპორის ახალგაზრდა ლიდერები და აქტივისტები.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო “საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი”, რომელიც არის საქართველოში მცხოვრები რუსი ახალგაზრდების გაერთიანება. კავშირს ალექსანდრე ბეჟენცევი ხელმძღვანელობს. 13-14 ოქტომბრის ფორუმის მხარდამჭერი კი გორჩაკოვის ფონდი იყო.

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი