ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები აქტუალურ საკითხებზე

12 ოქტომბერი, 2018 • 1646
საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები აქტუალურ საკითხებზე

საგარეო პოლიტიკა ის საკითხია, სადაც ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სრული კონსენსუსია. საარჩევნო სუბიექტები, მიუხედავად იმისა, მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს წარმოადგენენ თუ – მემარცხენე, მხარს უჭერენ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნას, თუმცა განსხვავებული ხედვები აქვთ რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებს შესთავაზა მოკლე პასუხები გაეცათ 19 ყველაზე აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხზე და ახლა მათი ხედვების შედარება შესაძლებელია ვებ-გვერდზე prezidenti.ge. კითხვარს სულ 5-მა კანდიდატმა – დავით ბაქრაძემ, გრიგოლ ვაშაძემ, შალვა ნათელაშვილმა, დავით უსუფაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ – უპასუხა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კითხვარისთვის პასუხი არ გაუცია.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ზემოთ ჩამოთვლილი 5 საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვების მოკლე მიმოხილვას  prezidenti.ge-ს კითხვარზე პასუხების მიხედვით.

საგარეო პოლიტიკა 

ხუთივე კანდიდატი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას ასახელებს.  ამავდროულად, კანდიდატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და  ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და საქართველოს როლის გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

გადასახადები და ეკონომიკა

დავით ბაქრაძე ეკონომიკური განვითარების გასაღებს ხედავს, ერთი მხრივ, გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში.  “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში წარადგინა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვრის 100 000-დან 200 000 ლარამდე გაზრდას; განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის 10%-მდე შემცირებას; საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირებას. ამასთან, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს.

გადასახადების კიდევ უფრო შემცირების გზით ინვესტიციების მოზიდვის მომხრეა გრიგოლ ვაშაძეც. “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვა საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე  შემცირებას, ასევე,  ნავთობპროდუქტებზე სააქციზო განაკვეთის შემცირებას, ალკოჰოლურ საქონელზე სააქციზო განაკვეთის საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე შემცირებას ითალისწინებს, დღგ-ს კი მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. ვაშაძის აზრით, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო მეტ უცხოურ ვალუტას და ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანს ქვეყანაში, ასევე გაზრდის ექსპორტს, განავითარებს ტურიზმსა და მომსახურების სხვა სფეროებს.

გადასახადები უნდა იყოს მცირე ზურაბ ჯაფარიძის აზრითაც. “გირჩის” კანდიდატი საშემოსავლო და
მოგების გადასახადის ეტაპობრივად გაუქმების და დღეს არსებული 6 გადასახადიდან 2-ის – დღგ და აქციზის – დატოვების მომხრეა. გადასახადების და რეგულაციების შემცირება, სასამართლო სისტემის რეფორმა, საკუთრების უფლების დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება არის ის, რაც ჯაფარიძის აზრით, საქართველოს 1 წელიწადში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.

საშემოსავლო გადასახადის არსი ძირფესვიანად გადააზრებაზე საუბრობს დავით უსუფაშვილი.  პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, საჭიროა საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების იმგვარ სისტემაზე გადასვლა, როდესაც მოქალაქე სრულად მიიღებს შემოსავალს და შემდგომ სახელმწიფოს გადაუხდის კუთვნილ გადასახადს. მისი აზრით, მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენების პროცესი ამ ეტაპზე უნდა შეჩერდეს და ეკონომიკურ განვითარებაზე გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები მთლიანად უნდა მიემართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა და ინვესტორებისთვის მისაღები პირობების შექმნის მომხრეა შალვა ნათელაშვილიც, თუმცა ის მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა დაწესდეს სიმდიდრის გადასახადი, ფრანგული მოდელის შესაბამისად.

რეგულაციები 

დასაქმების თაობაზე დასმული კითხვების საპასუხოდ, ხუთივე კანდიდატი უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზად მცირე და საშაულო ბიზნესის განვითარებას ხედავს. ამასთან, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე აქცენტს აკეთებენ რეგულაციების შემცირებაზე (ან საერთოდ გაუქმებაზე, “გირჩის” შემთქვევაში”).  თუმცა, როცა საქმე გარემოს დაცვას და ეკოლოგიას ეხება, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე ყველაზე მწვავე პრობლემად არაეფქტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებულ ენერგოპოლიტიკას ასახელებს.  საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის მომხრენი არიან დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი. ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კერძო ინტერესების გაზრდა, საკუთრების უფლების გაძლიერება და პრივატიაზაცია წარმოშობს სტიმულებს, ადამიანებმა ბუნება ისე ეფექტურად გამოიყენონ, რომ მას ნაკლები ზიანი მიადგეს.

რამდენად თანმიმდევრული ან წინააღმდეგობრივია საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები სხვადასხვა სფეროების მიხედვით?

“შეიმჩნევა, რომ  კანდიდატებს არ აქვთ ან ნაკლებად აქვთ საერთო ხედვა, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირებს სხვადასხვა სფეროების მიხედვით წარმოდგენილ მათ ხედვებს, ან არ სურთ, დაარღვიონ ერთგულება ისეთი საერთო  ღირებულებისადმი, როგორიცაა წინააღმდეგობა ნებისმიერი რეგულაციის მიმართ და ა.შ. თუ საქართველოს უნდა ევროკაშირში გაწევრიანება, ნათელია, რომ არაერთი რეგულაცია უნდა მიიღოს, ვინაიდან  ევროკავშირი საქართველოს გამო  თავისი ქცევის წესებს არ შეცვლის”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) შეიქმნა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) რეგიონული წარმომადგენლობის ბაზაზე.  www.prezidenti.ge, EECMD-ის პროექტია, რომელიც 2013 წლიდან მოყოლებული აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

სრულად კანდიდატების ხედვებს შგეიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი