ახალი ამბები

საქართველოში უკურნებელ პაციენტთა უმრავლესობა ძლიერი ტკივილით იტანჯება – კვლევა

12 ოქტომბერი, 2018 • 11433
საქართველოში უკურნებელ პაციენტთა უმრავლესობა ძლიერი ტკივილით იტანჯება – კვლევა

საქართველოში უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების 84% ტკივილით იტანჯებოდა, რადგან მათ არ მიუწვდებოდათ ხელი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე. საუბარია 2016 წელს აღრიცხულ 16 200 პაციენტზე, თუმცა ძირითადი საერთო სურათი ამ დრომდე არ შეცვლილა. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც “ფონდ ღია საზოგადოების” პროექტის – “შეაჩერე ტკივილი” – ფარგლებში დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისში გამოქვეყნდა.

კიბოთი დაავადებული და აივ/შიდსის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტთა 80%, ხოლო გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ტკივილს განიცდის. სწორედ ამიტომ, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, დაავადებულ პაციენტთათვის ოპიოიდური ტკვილიგამაყუჩებელი მედიკამენტები უალტერნატივო საშუალებაა ტკივილის მართვაში.

ოპიოიდები ის ნივთიერებებია, რომლებსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირება შეუძლიათ. მათ ტკივილგამაყუჩებელი და სედატიური (ძილის მომგვრელი) ეფექტი აქვთ და, შესაბამისად, მედიცინაში ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად იყენებენ. თუმცა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში უკურნებელ პაციენტებს ასეთ მედიკამენტებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

კვლევის თანახმად, 2016 წელს უკანასკნელი სტადიის დაავადების მქონე 19 200 ადამიანი საშუალო ან ძლიერ ტკივილს განიცდიდა, თუმცა მათგან ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს მხოლოდ 3000-მდე პაციენტი იღებდა.

ტკივილის მართვის სპეციალისტების განმარტებით, გაუყუჩებელი ტკივილი სერიოზული გართულებების წინაპირობაა, კერძოდ: შეზღუდული მობილობის, ნორმალური ძილისა და კვების პროცესის. ამასთანავე, ტკივილით ტანჯვა იწვევს სოციალურ იზოლაციას.

სწორედ ამიტომ, როგორც მედიკოსები განმარტავენ, ოპიოიდური მედიკამენტი – მორფინი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში უკვე ათწლეულებია, რაც შეტანილია.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, “ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის” 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ოპიოიდების ხარჯვის მაჩვენებელი “ძალიან არაადეკვატური” ან/და “არაადეკვატურია”. ეს გულისხმობს, რომ ათასობით ადამიანი იტანჯება გაუყუჩებელი ტკივილისგან.

რატომ ეზღუდებათ პაციენტებს მედიკამენტზე წვდომა?

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოში ოპიოიდური მედიკამენტების დანიშვნა, მოძველებული საკანონმდებლო მიდგომების გამო, გადაჭარბებულად მკაცრი და შემზღუდველი სახით ჩამოყალიბდა. საქართველოში ოპიოიდური მედიკამენტების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დაავადების ტერმინალურ [უკანასკნელ] სტადიაში მყოფი უკურნებელი პაციენტებისთვის, ისიც  მაშინ, როდესაც მკურნალობის ნებისმიერი სხვა საშუალება უკვე ამოწურულია.

დარგის სპეციალისტები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყდრნობით ამბობენ, რომ საქართველოში დაავადების ბოლო სტადიაში მყოფი ადამიანებისთვის ყოველწლიურად საჭიროა 32-33 კგ მორფინი. არაონკოლოგიური პაციენტებისთვის  ეს მაჩვენებელი მინიმუმ 12კგ-ს უტოლდება. შესაბამისად, საქართველოში ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 45კგ მორფინი. თუმცა, 2013-16 წლების მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ წელს მხოლოდ 8კგ მორფინი იხარჯებოდა.

მკვლევრების მოსაზრებით, ხარვეზიანია სახელმწიფო პროგრამა “ინკურაბელურ (განუკურნებელ) პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის” შესახებ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად, ტკივილის გაყუჩებასაც უზრუნველყოფს, მხოლოდ სიცოცხლის ბოლო სტადიაზე მყოფი უკურნებელი პაციენტებზე არის გათვლილი.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მედიკამენტის გამოწერა გარანტირებული არ არის. პროგრამის მიხედვით, გამოწერამდე, ექიმი მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პაციენტი 6 თვეზე მეტხანს ვერ იცოცხლებს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სწორედ ამიტომ, იმის შიშით, რომ არ შეცდნენ სიკვდილის ვადის დადგენაში, ექიმები ოპიოიდებს იქამდე არ ნიშნავენ, სანამ პაციენტს სიკვდილის მოახლოების ნიშნები არ გამოეხატება.

“ტკივილის მკურნალობისადმი ასეთი მიდგომით ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და იგი ხდება “სასტიკი და არაადამიანური მოპრყობის” ობიექტი. ამასთანავე, მთლიანად ილახება ბიოეთიკური და მედიცინის პრინციპები, უმკურნალოს და არ ავნოს ტანჯვაში მყოფ პაციენტს, მაშინ, როდესაც ამის საშუალება არსებობს”,- მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

ექსპერტების მოსაზრებით, სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო, ექიმთა გადაწყვეტილება ოპიოიდების დანიშვნასთან დაკავშირებით მთლიანად ეფუძნება პაციენტთა სიკვდილ-სიცოცხლის პროგნოზს. ამასთანავე,  ის არ განიხილავს, ტკივილის სიძლიერეს, ხასიათსა თუ მის ხანგრძლიობას.

კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნაზე პასუხისმგებელ ოჯახის ექიმთა 28% საერთოდ თავს არიდებს მათ დანიშვნა/გამოწერას. იმ ექიმებს შორის, ვინც ოპიოიდებს გამოწერს, მხოლოდ 1/3 იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, დანარჩენი ნაწილი ძველ, “კომისიური წესით” დანიშვნის მეთოდს მიმართავს.

ამასთანავე, კვლევით დადგნინდა, რომ მიმართვის შემდეგ ოჯახის ექიმებმა პაციენტების მხოლოდ 19%-ს გამოუწერეს ოპიოდი. გარდა ამისა,  პაციენტების უმრავლესობას მორფინი დაენიშნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, იქ, სადაც ისინი ტერმინალურ მდგომარეობაში ხვდებიან.

გარდა ამისა, უკურნებელ პაციენტთა 77%-ს ოპიოდი დაენიშნა დაგვიანებით. ასეთი პაციენტების 33%-ისთვის  ძლიერი ტკივილის დაწყებასა და ოპიოდების დანიშვნას შორის დრო 3 თვეს აღემატებოდა.

გარდა ექიმების თავშეკავებულობისა, კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ სერიოზულ პრობლემას თავად აფთიაქები წარმოადგენენ. საქმე ის არის, რომ რეცეპტის საფუძველზე ოპიოდების ყიდვა ჩვეულებრივ აფთიაქებში შეუძლებელია. მათი მოპოვება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ  პოლიციის შენობაში განთავსებულ სპეციალურ “აფთიაქებში” შეიძლება. თუმცა აქაც აფთიაქი ოპიოდის მხოლოდ კვირაში ორჯერ გასცემს.

აქედან გამომდინარე, მკვლევართა თქმით, შეუძლებელი ტკივილის გაყუჩება ან დოზის კორექცია, თუ ეს დღე “სპეციალური გაცემის” დღეს არ ემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი