ახალი ამბები

ეთნიკურ სომხებსა და თურქებზე ზურაბიშვილის განცხადება ცესკომ პრობლემურად არ მიიჩნია

12 ოქტომბერი, 2018 • 4335
ეთნიკურ სომხებსა და თურქებზე ზურაბიშვილის განცხადება ცესკომ პრობლემურად არ მიიჩნია

ეთნიკურ სომხებსა და თურქებზე ზურაბიშვილის განცხადება ცესკომ პრობლემურად არ მიიჩნია. საკითხის შესასწავლად  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED).

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას  უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრაზე მყოფ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

ზურაბიშვილის განცხადებაში ISFED საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას ხედავს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას:

“გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატოული საზოგაოდების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული წევრის ჩართულობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გადის იქ, სადაც გამოხატვა კონსტოტუციოთ დაცულ სიკეთეს, კონსტოტუციოთ გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტოტუციური უფლების შეზღუდვა კონსტოტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს”, – აღნიშნავდა ორგანიზაცია ცესკოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.

თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISFED-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა. როგორც ცესკოში აცხადებენ,  შეხვედრის აუდიოჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს თანასწორობის, ტოლერანტობისა და მოქალაქეობის მნიშვნელობაზე:

“ასევე, საუბარი შეეხო ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის სამართლებრივი რეგულირების საკითხს. ამავე საკითხებთან მიმართებით გაკეთდა ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკა და მის მიერ მოქალაქეობის მინიჭების პროცესში განხორციელებული ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, რაც შესაძლებელია განხილულ იქნეს კონკრეტული აქტივობის, მოვლენისა და წარსულში სახელმწიფოს მეთაურის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ამომრჩეველთათვის ინფორმაციის მიწოდებად, აღნიშნული კი არ შეიძელბა ჩაითვალოს ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მიმართული მოწოდების ნიშნებს, არც ნეგატიურ კონტექსტში არ იყო მოხსენიებული ეთნიკური უმცირესობა და სახეზე იყო მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის კონკრეტული ქმედების აღწერა”, – ვკითხულობთ ცესკოს წერილში.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯავახეთში გაკეთებულ განცხადებას შეგიძლიათ მოუცმინოთ ბმულზე:

ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა

მასალების გადაბეჭდვის წესი