ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოში კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთბენ

12 ოქტომბერი, 2018 • 2404
საქართველოს საპატრიარქოში კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთბენ

დათანხმდება თუ არა საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას –  ამ კითხვას საქართველოს საპატრიარქოში ჯერჯერობით არ პასუხობენ.

საქართველოს საპატრიარქოში განგვიცხადეს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სინოდის სხდომაზე მიიღებენ, თუმცა სხდომის თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.

ნეტგაზეთმა დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის არაერთ მღვდელმთავარს, მათ შორის, პროტოპრესსვიტერ გიორგი ზვიადაძეს ჰკითხა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ პოზიცია, თუმცა სასულიერო პირები ჯერჯერობით პირად მოსაზრებასაც არ აფიქსირებენ ამის შესახებ.

27 სექტემბერს ნეტგაზეთმა პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, შიო მუჯირსაც ჰკითთხა უკრაინიის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრება, რაზეც ქორეპისკოპოსმა ასეთი პასუხი გაგვცა:

უკრაინის თემაზე ჩვენ ჯერჯერობით არ ვაკეთებეთ განცხადებას, ვინაიდან ველოდებით მოვლენებს. თქვენ იცით, რომ იქ არის განხეთქილება… ველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, შემდეგ რუსეთის საპატრიარქო, ასე რომ, ჯერ ძალიან რთულად არის საქმე.”

გუშინ, 11 ოქტომბერს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს და შესაბამის პროცედურას იწყებს. ამ გადაწყვეტილებას  რუსეთის საპატრიარქო ეწინააღმდეგება, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია.

კონსტანტინოპოლის ეკუმენური საპატრიარქოს სინოდმა გუშინ უკრაინასთან დაკავშირებით სხვა არაერთი საინტერესო გადაწყვეტილებაც მიიღო. სინოდმა დააკმაყოფილა კიევის პატრიარქ ფილარეტისა და უკრაინის კიდევ ერთი ავტონომიური ეკლესიის მეთაურის განცხადებები მათთვის კანონიკური სტატუსის აღდგენის შესახებ.

მსოფლიო საპატრიარქოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

განცხადების გავრცელებამდე აღნიშნულ გადაწყვეტილებათა შესახებ უკრაინული მედიაც წერდა, თუმცა, საკუთარ წყაროებზე დაყრნოდბით.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოუწოდებს პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების “მითვისებისა” და ნებისმიერი სხვა სახის მოქმდებები, რომლებიც ძალადობისკენ იქნება მიმართული.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს “მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას” უწოდებს. რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება უკვე შეწყვიტა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი