რუსეთის ეკლესიის სინოდი მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე 15 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელებს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე 15 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელებს.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, მინსკში დაგეგმილ სხდომაზე რუსეთის ეკლესია შესაბამის შეფასებას მისცემს მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებას.

“კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ჩადენილია უპრეცედენტო ანტიკანონიკური ქმედება, რაც მართლმადიდებელი კანონიკური წესრიგის საფუძვლების შერყევის მცდელობას წარმოადგენს”, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წარმომადგენელმა ვლადიმირ ლეგოიდამ.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს და შესაბამის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე 11 ოქტომბერს გავრცელდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი