საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება – IDFI

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) მიიჩნევს, რომ საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება და ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური.

IDFI-ის ცნობით, ბოლო წლებში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა მათ ან არ მოჰყოლია შედეგი ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების შესახებ. ორგანზიაციის შეფასებით, შემდეგი ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს:

  • სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც, მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება;
  • ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოჰყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ;
  • საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს;
  • “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

IDFI ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში მრავლად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რანგის მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და დადგა გამამტყუნებელი განაჩენები.

მაგალითისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე 61 პირი მიეცა. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმარველობის ორგანოებში იყვნენ დასაქმებული და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს.

ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არცერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იმ საქმეებს, სადაც, დასკვნის მიხედვით, იკვეთებოდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური მმართველობის განახლებული ინდიკატორების თანახმად, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, აჩვენა გაუმჯობესება ინდექსის 2 კომპონენტში – ეფექტური მმართველობა და კორუფციის კონტროლი, ხოლო გაუარესება 3 კომპონენტში: გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება (-0.99), პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა (-1.43) და კანონის უზენაესობა (-1.92). თუმცა, IDFI-ის შეფასებით, ინდექსი ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ კორუფციაზე და ვერ ასახავს მაღალი დონეზე კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.

“საქართველოში ე.წ. ელიტური კორუფციის, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის არსებობას, ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და “ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია” (OECD). კერძოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია სწორედ ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საჭიროებაზე”, – ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია საქართველოში სხვადასხვა საჯარო უწყებაზე არის გადანაწილებული, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები ხშირად არ არის მკაფიოდ გამიჯნული. კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური.

“როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში “ელიტური კორუფციის” შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – აცხადებს IDFI და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი