ახალი ამბები

სააკაშვილმა მომიბოდიშა და თავდადებული მებრძოლი მიწოდა – ბერძენიშვილი

11 ოქტომბერი, 2018 • 5338
სააკაშვილმა მომიბოდიშა და თავდადებული მებრძოლი მიწოდა – ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რომელიც ამჟამად ფრანკფურტში იმყოფება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის მიმართ გამოთქმული შეფასებების გამო მოუბოდიშა. ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ფეისბუქზე” დაწერა.

“ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული”, – წერს ბერძენიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად, დაადასტურა ლევან ბერძენიშვილის მონაყოლი ფრანკფურტში მომხდართან დაკავშირებით. მან ფეისბუკზე გააზიარა ლევან ბერძენიშვილის სტატუსი კომენტარით: “მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ [გრიგოლ ვაშაძე] ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა.”

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.

2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ფონზე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ “ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც” გავრცელდა, რომელთა მეშვეობითაც რიგ პოლიტიკოებს, მათ შორის, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს მოსკოვთან კავშირს ედავებოდნენ. მაშინდელი შსს-ს ვერსიით, სატელეფონო საუბარში ბერძენიშვილი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის მუშაკს ესაუბრებოდა საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი