ახალი ამბები

კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება უკრაინაზე კატასტროფულ ზიანს მოიტანს – მოსკოვი

12 ოქტომბერი, 2018 • 4231
კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება უკრაინაზე კატასტროფულ ზიანს მოიტანს – მოსკოვი

მოსკოვის საპატრიარქო კატასტროფულად მიიჩნევს კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილების უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საპატრიარქოს სპიკერმა ალექსანდ ვოლკოვმა ადგილობრივ ტელეკომპანია “Спас”-თან საუბრისას განაცხადა.

“სიტუაცია, რომელსაც ახლა ვაწყდებით, არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და ყველასათვის ახალი. ეს არის ტრადიციისა და ეკლესიურობის აღქმის სრული დარღვევა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ახლა კონსტანტინოპოლი აკეთებს, კატასტროფულ ზიანს მოიტანს, პირველ რიგში, მართლმადიდებლობისათვის უკრაინაში. იმიტომ, რომ ახლა რაღაც საშინელი იწყება”, – თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს “საშინელელებაში”. კომენტარს РИА Новости ავრცელებს.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს და შესაბამის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე დღეს, 11 ოქტომბერს გავრცელდა. განცხადების თანახმად, კიევის პატრიარქი ფილარიტი კანონიკურ სტატუსს იბრუნებს. ასევე უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს “მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას” უწოდებს. რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება უკვე შეწყვიტა.

*ალექსანდრ ვოლკოვის ფოტო აღებულია  РИА Новости-ის ვებგვერდიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი