ახალი ამბები

კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს

11 ოქტომბერი, 2018 • 4983
კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს და შესაბამის პროცედურას იწყებს. პროცედურის დაწყების შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე დღეს, 11 ოქტომბერს გავრცელდა.

განცხადების თანახმად, საპატრიარქოს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, “განაახლოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკუმენურმა  საპატრიარქომ დაიწყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი”.

კონსტანტინოპოლის ეკუმენური საპატრიარქოს სინოდმა უკრაინასთან დაკავშირებით სხვა არაერთი საინტერესო გადაწყვეტილებაც მიიღო. სინოდმა დააკმაყოფილა კიევის პატრიარქ ფილარეტისა და უკრაინის კიდევ ერთი ავტონომიური ეკლესიის მეთაურის განცხადებები მათთვის კანონიკური სტატუსის აღდგენის შესახებ.

მსოფლიო საპატრიარქოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

განცხადების გავრცელებამდე აღნიშნულ გადაწყვეტილებათა შესახებ უკრაინული მედიაც წერდა, თუმცა, საკუთარ წყაროებზე დაყრნოდბით.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოუწოდებს პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების “მითვისებისა” და ნებისმიერი სხვა სახის მოქმდებები, რომლებიც ძალადობისკენ იქნება მიმართული.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრანის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს “მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას” უწოდებს. რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება უკვე შეწყვიტა.

 

ვრცლად ამ თემაზე:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი