“ეს ღამის კოშმარს ჰგავს” – ქარიშხალი, ნგრევა და მსხვერპლი აშშ-ში

ჩრდილო-დასავლეთ ფლორიდაში ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხლის შედეგებს უმკლავდებიან. მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა “მაიკლმა” უკვე ორი ადამიანი იმსხვერპლა და არაერთი დასახლება ნანგრევებად აქცია. სტიქიამ დატბორა სახლები, წააქცია ხეები და გადარეცხა სანაპიროები.

ქარიშხალი ფლორიდის შტატს ოთხშაბათს, შუადღის საათებში დაატყდა თავს. CNN-ის ცნობით, 250 კმ/სთ-ის სიჩქარის სტიქიამ კატასტროფული სცენები შექმნა: პატარა სანაპირო Mexico Beach-სგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა: “მაიკლმა” ადგილზე არსებული შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. ქალაქ ქალავეიში დანგრეული სახლების ნარჩენები დატბორილ გზებზე დაცურავენ, ზღვისპირა ქალაქ პანამის სანაპირო ზოლი კი ნანგრევებითა და დაზიანებული ნავებითაა დაფარული.

“ეს ყველაფერი ღამის კოშმარს ჰგავს. სურათებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, არ არსებობს სახლი, რომელიც ქალაქში [მთელი] დარჩა”, – უთხრა Mexico Beach-ის ქალაქის საბჭოს წევრმა ლინდა ალბრეთმა მედიას. სამაშველო ჯგუფის წევრმა კი სტიქიის არეალი “ომის ზონას” შეადარა.


ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ “მაიკლს” ორი ადამიანი შეეწირა. ჯორჯიას შტატში, ერთ-ერთ დასახლებაში, გოგონას თავში სახურავიდან მოგლეჯილი მეტალის ნაჭერი დაეცა და დაიღუპა. ფლორიდის ქალაქ გრინსბოროში კი ხე სახლს დაეცა, რამაც შიგნით მყოფი კაცის სიცოცხლე შეიწირა. ამერიკულ მედიაში ვრცელდება არაერთი ისტორია ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ ახლობლებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

ABC -ს ცნობით, 922 000-ს სცდება სახლებისა და დაწესებულებების რაოდენობა ფლორიდაში, ალაბამაში, ჯორჯიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ჩრდილოეთ კაროლინის გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


ქარიშხალი მიმართულებას იცვლის და მის გაძლიერებას ამჟამად ორივე კაროლინაში ელიან. მოსალოდნელია ტორნადოები, ქარი და წყალდიდობა იმ ადგილებში, რომლებიც ქარიშხალმა “ფლორენსმა” გასულ თვეში უკვე დააზარალა.

სტიქიის დაწყებამდე ასობით ათასი ადამიანი გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს, თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, ბევრს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დატოვებული საცხოვრებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან