ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

12 ოქტომბერი, 2018 • 11198
რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრის პარალელურად, რუსული პროპაგანდა მიზანში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარე სხვა ლაბორატორიებსაც იღებს, რომლებიც აშშ-ის დახმარებითაა აშენებული.

რუსეთი აცხადებს, თითქოს ეს ლაბორატორიები აშშ-ს ეკუთვნის და მათში ადამიანებზე სასიკვდილო ექსპერიმენტებს ატარებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. წინა კვირას ასეთივე დეზინფორმაციის სამიზნე გახდა აზერბაიჯანი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, თითქოს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში “გრძელდება პენტაგონის კონტროლის ქვეშ არსებული ლაბორატორიების რეკონსტრუქცია”.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 5 ოქტომბერს კატეგორიულად უარყო რუსეთის ბრალდებები აშშ-ის მიერ კონტროლირებად ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც სხვა სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, შესაბამისად, შეუძლებელია, საუბარი იყოს ასეთი ლაბორატორიის რეკონსტრუქციაზე.

საქართველოსა და აზერბაიჯანში მდებარე ის ცენტრები, რაზეც რუსეთი მიანიშნებს, მართალია, აშშ-ის დონაციებით აშენდა, თუმცა არ არის აშშ-ის დაქვემდებარებაში. თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლას მოიცავს, საქართველოს საკუთრებაა.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: “ახმეტა-ვირუსის” აღმოჩენა და სხვა ამბები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით]

რაც შეეხება აზერბაიჯანს: აზერბაიჯანული სამთავრობო გამოცემა Trend-ის თანახმად, 2018 წლის ივნისში აშშ-ის საელჩომ აზერბაიჯანში განაცხადა, რომ ისინი აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ აზერბაიჯანის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ამავე განცხადების თანახმად, სამინისტროს 55 000 აშშ დოლარი მისცეს განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევისა და მათი გავრცელების პრევენციისათვის. ეს არის ნაწილი მრავალწლიანი პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ქვეყნის უნარი, აღმოაჩინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს საშიში დაავადებები.

პოსტსაბჭოთა ქვეყნები ფოკუსში

კირილოვის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს, ლაბორატორიებზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა: გაეროში წამოვჭრით ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსების საკითხს და არ ვაპირებთ, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა დავუშვათო. შემდეგ იგი სხვა ქვეყნებსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ “რუსეთი მისი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიების ფუნქციონირების წინააღმდეგია, რადგან ამერიკის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები “საფრთხეს უქმნის” რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების მოსახლეობას”.

მოსკოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ლაბორატორიები კიდევ ერთხელ სკრიპალების მოწამვლის შემდეგ გაახსენდა. ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი თავის შვილთან, იულიასთან ერთად, მარტში მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვული აგენტით, თუმცა ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. ბრიტანეთი ამაში ბრალს პირდაპირ სდებს რუსეთს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს. თუმცა Bellingcat-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოძიებამ აჩვენა, რომ ორი ბრალდებული, რომლებსაც სხვა სახელებით იცნობდნენ, სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, გრუს ოფიცრები არიან.

სწორედ ამ ამბების პარალელურად ცდილობს რუსეთი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთგვარად “შემოატრიალოს ისრები” და მისკენ მიმართული ყურადღება აშშ-ზე გადასწიოს: 12 აპრილს რუსეთის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სკრიპალების მოწამვლის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ პენტაგონის დაფინანსებით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნის, რის მაგალითადაც დაასახელა თბილისში ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა.

ნუნ-ლუგარის შეთანხმება საფრთხის შესამცირებლად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრობს იმ რეალურ გარემოებებზე, რის გამოც აშშ-მა გადაწყვიტა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაღალი დონის ლაბორატორიების არსებობაზე ეზრუნა. აშშ-ის ეს პროგრამა, რომლის სულისჩამდგმელები ამერიკელი სენატორები, რიჩარდ ლუგარი და სემ ნუნი, იყვნენ, სათავეს იღებს 1990-იან წლებში, კომუნისტური ბლოკის დაშლისას. 

ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ფოტო: ნეტგაზეთი

როგორც გამყრელიძე გვიამბობს, ლუგარმა და ნუნმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი პროგრამა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან “ე.წ ბიოლოგიური მასალები, ვირუსები, ბაქტერიები, მიკრობები, მრავალ ინსტიტუციაში იყო გაბნეული”, აშშ-ს კი სურდა, თავიდან აეცილებინა ბიოლოგიური მასალების “გაჟონვა და ტერორისტების ხელში მოხვედრა”. სპეციალისტის თქმით, საქართველოშიც, 5-6 ინსტიტუციაში იყო ბიოლოგიური მასალა გაბნეული. სასურველი იყო, მათზე კონტროლი განხორციელებულიყო, გვიამბობს გამყრელიძე, რომელიც გარკვეულ პერიოდში აშშ-საქართველოს მოლაპარაკებების მონაწილე იყო. “მეორე მხრივ, აშშ ეხმარებოდა ქვეყნებს, სადაც ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემები დაინგრა, რომ ეს სისტემები აღდგენილიყო და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებულიყო”.

გამყრელიძე გვიამბობს, რომ 1997 წელს შევარდნაძესა და კლინტონს შორის ხელი მოეწერა ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც ბიოლოგიური, ქიმიური, რადიაქტიული და სხვა ტიპის ნარჩენების უსაფრთხოებას შეეხებოდა. უკვე 2004 წლიდან კი იწყება ლუგარის ცენტრის მშენებლობა.

ბილ კლინტონი, ედუარდ შევარდნაძე და ჰილარი კლინტონი. ვაშინგტონი, 1997. ფოტო: Reuters

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი იხსენებს, აშშ-მა გადაწყვიტა, დახმარებოდა საქართველოს, ყაზახეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, მსგავსი ლაბორატორიული სისტემების აშენებაში. საქართველოსთან კი, მისი შეფასებით, “ყველაზე კარგი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა”.

“ლუგარის ლაბორატორია ყველაზე ადრე გახდა ფუნქციონირებადი. აზერბაიჯანი, პრინციპში, ახლა იწყებს ფუნქციონირებას, უკრაინისაც… როგორც ამბობენ, ყაზახეთი, შესაძლოა, ჩვენსაზე დიდი იყოს, მაგრამ ჩვენი ლაბორატორია ითვლება დღეს ყველაზე “მოქმედად”.

შესაძლოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი “ლუგარს” გამუდმებით ესხმის თავს, ისაა, რომ ლაბორატორია ქვეყნის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

“ჩვენი ლაბორატორია არ არის მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი ჯანდაცვითი. ეს არის ქვეყნის უსაფთხოების ნაწილი იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია ებოლას, ზიკას, ჰემორადიული ცხელებების, ბევრი განსაკუთრებით საშიში ინფექციის დიაგნოზი დავსვათ. ამ ლაბორატორიას აქვს ექსკლუზიური ფუნქცია, დასვას დიაგნოზები, რომელიც ქვეყნის არცერთ სხვა ლაბორატორიასა და რეგიონის ბევრ ლაბორატორიაში არ ისმევა. ჩვენ შეგვიძლია ვირუსისა და ბაქტერიის სრული სეკვენირება, ანუ გენომის დაშიფვრა და დადგენა, რომ ეს დაავადება, რომელიც აფეთქდა, საიდან არის შემოსული, ადგილობრივია თუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ბაქტერიებისა და ვირუსების გენეტიკური დაშიფვრით ვადგენთ, როგორი იყო ამ მიკრობების განვითარება, ანუ ფილოგენეზი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული და სამეცნიერო ჯანდაცვისთვის”, – განგვიმარტავს გამყრელიძე.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”]

გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ლაბორატორიები საქართველოშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, მართალია, აშშ-ის დახმარებით აშენდა, თუმცა ისინი არასოდეს ყოფილა შტატების დაქვემდებარებაში: “მათი დახმარებით აშენდა, მაგრამ ხელფასს ყოველთვის სახელმწიფო იხდიდა და ასეა სხვა ქვეყნებშიც. როცა “ლუგარმა” დაიწყო ფუნქციონირება, [ამერიკელები] რეაქტივებს გვყიდულობდნენ, გვეხმარებოდნენ გადასახადებში, მაგრამ 2014-ში მოეწერა ხელი მთავრობათაშორის ხელშეკრულებას, რომლითაც ლაბორატორიის შენახვის ხარჯები თანდათანობით სრულად გადმოეცა საქართველოს და 2017-ში სრულად დასრულდა ამერიკელების პირდაპირი დახმარება. ისინი მხოლოდ სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ”.

კონსპირაციული თეორიები

ცრუ ინფორმაცია, თითქოს პენტაგონს უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში საკუთარი ლაბორატორიები ჰქონდეს, სადაც ფუნქციონირებს “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით შექმნილი ეროვნული ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამა, რომელიც ვირუსების გამოყვანას ისახავს მიზნავს”, –გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Infowars-მა.

Infowars ეკუთვნის ულტრამემარჯვენე რადიოწამყვან ალექს ჯონსს, რომელმაც კონსპირაციული თეორიების შეთხზვით გაითქვა სახელი. სხვადასხვა დროს მას უთქვამს, თითქოს აშშ-ის მთავრობა იყო გარეული ოკლაჰომას, სენდი-ჰუკის სროლებისას დატრიალებულ ტრაგედიაში, თითქოს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი თავად აშშ-ის მოწყობილია, თითქოს შტატების ხელისუფლება ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შესაცვლელად და ა.შ.

ჯონსი, რომელსაც სოციალურ მედიაში მილიონობით გამომწერი ჰყავდა, რამდენიმე კვირის წინ დაბლოკეს იუტუბმა, ფეისბუკმა, ტვიტერმა და ეპლმა, რადგან იგი “პრინციპულად ახალისებდა, ადვოკატირებას უწევდა და იწვევდა სიძულვილს და ძალადობას ჯგუფების ან ცალკეული ადამიანების მიმართ მათი მახასიათებლების გამო”.

HBO-ს ტოკშოუ Last Week Tonight-ის წამყვანმა, ჯონ ოლივერმა, ერთ-ერთი გადაცემა მიუძღვნა ჯონსისათვის ნიღბის ჩამოხსნას. იგი აჩვენებს, რომ კონსპირაციულ თეორიებზე გაბრაზებით საუბრის პარალელურად, ჯონსი მილიონობით დოლარს აკეთებს მისივე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით, რასაც არარსებული “დაავადებების სამკურნალო საშუალებებად” ასაღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი