ახალი ამბები

გირჩი “კანაფის ფესტივალის” აწყობს, სადაც შესაძლებელია მარიხუანა გაიყიდოს

11 ოქტომბერი, 2018 • 26023
გირჩი “კანაფის ფესტივალის” აწყობს, სადაც შესაძლებელია მარიხუანა გაიყიდოს

“გირჩის” წევრების თქმით, 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში “კანაფის ფესტივალის” მოწყობას გეგმავენ. როგორც პოლიტიკური პარტიის წევრები განმარტავენ, ფესტივალი ქვეყანაში კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობა იქნება.

“გირჩის” განმარტებით, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, გაყიდიან ფესტივალის მონაწილეები. როგორც პარტიაში განმარტეს, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ მარიხუანის შეძენა/გასხვისების ცივილური პრაქტიკა დაინერგოს, რაც ე.წ. “კოფი შოპების” მეშვეობით მოხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ის განმარტავს, დედაენის ბაღში შეიკრიბება ყველა, “ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია”.

“მე ვაპირებ, რომ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომელიც დე ფაქტოდ ამ ქვეყანაში, ერთი მხრივ, მოახდენს კულტივაციის ლეგალიზებას, ანუ დათესვა რომ აღარ იყოს დასჯადი, და მეორე მხრივ, “კოფი შოპების” ლეგალიზებას, რაც ნიშნავს, რომ დაშვებული იყოს “კოფი შოპის” ტიპის სტრუქტურა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში, კანაფი შეიძინონ და მოიხმარონ. მგონია, რომ ეს იქნება მნშნველოვანი წყალგამოყოფი”, – ამბობს ჯაფარიძე ვიდეოში.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა “გირჩის” თავმჯდომარეს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც განმარტა, რომ დედაენის ბაღში 20 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებას ფესტივალის სახე ექნება.

“ეს აქცია არის ფესტივალი, რომლის შინაარსი უნდა იყოს, რომ მის შემდეგ მარიხუანის დათესვა და მოხმარება ლეგალური იყოს. ეს ფესიტვალი ეხება ყველას, მათ შორის ტურისტებსაც, ადამიანებს, რომლებსაც შეძენა ან გასხვისება უნდათ. ჩვეულებრივი მარკეტი იქნება, ადამიანები გაყიდიან ყველა პროდუქტს, რომელიც ეხება მარიხუანას”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, ფესტივალში არამხოლოდ “გირჩი” მიიღებს მონაწილეობას, არამედ სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც კანაფის ბიზნესში ჩართული არიან. მისივე სიტყვებით, კანდიდატი ჯაფარიძე და მისი იდეის მხარდამჭერები თავად იქნებიან “ფესტივალის ავანგარდში”.

რაც შეეხება პოლიციური ჩარევის საფრთხეს, იაგო ხვიჩიას ვკითხეთ, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, თუ ღონისძიებაზე პოლიცია ადამიანებს დააკავებს.

როგორც ხვიჩია ამბობს, აღნიშნული ფესტივალი კანაფის კულტურის ისტორიაში “დიდი მოვლენაა”, შესაბამისად, აქ ათასობით ადამიანი შეიკრიბება. თავმჯდომარის თქმით, პოლიცია წინასაარჩევნოდ ვერ დააკავებს ამდენ ადამიანს, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა.

“ეს არ არის მხოლოდ ქართული ფესტივალი, ეს არის მოვლენა კანაფის კულტურის ისტორიაში. ყველა ტურიტსტულ სააგენტოს ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენ თავად გვაქვს ინფორმაცია, რომ ტურისტები ჩამოდიან, იციან, რომ ლეგალურია [მარიხუანა], თუმცა ვერ შეულობენ მას, ან გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

ასეთი ხალხის იმედი გვაქვს, ყველაზე დიდი ფარი, რაც გვაქვს, არის არჩევანი. არჩევნების წინ ფესტივალის დარბევა კატასტროფული იქნება. ისეთ დროს არის დანიშნული, როცა უსაფრთხოება გარანტირებულია. იმ შემთხვევაში, თუ ზურა ჯაფარიძეს დაიჭერენ – პატიმარი ჯაფარიძე აუცილებლად მოიგებს არჩევნებს”, – დასძენს ის.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომელიც მიზნად ისახავს მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა კვლავ ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის), – გამოიწვევს დაჯირიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

ქმედების განმეროების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1 000-დან 1 500 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარება ლეგალურია მხოლოდ პირად სივრცეში. გამონაკლისს წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანის მოხმარება. 21 წელს მიუღწეველთა მიერ კანაფის მოწევა ადმინისტრაციული წესით დაისჯება. კანონპროექტით, ჯარიმის ოდენობად 500 ლარიდან 1 000 ლარამდეა განსაზღვრული.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სამხედრო ნაწილში ყოფნისას და 18 წლამდე პირთათვის განკუთვნილი ადგილებიდან 150 მეტრის რადიუსზე ახლოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

ამავე თემაზე:

რისი უფლება (არ) აქვს მოქალაქეს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი