ანონიმური გვერდების შეტევა NGO-ებზე – ვინ დგას ფეისბუკზე აგორებული კამპანიის უკან?

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით პირველ ოქტომბერს გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს პროცესები “არაფორმალური მეთოდებით და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს”.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, გარდა უშუალოდ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან კრიტიკისა, სოციალურ ქსელებში ანონომური გვერდების მხრიდან დაიწყო ორგანიზებული შეტევა სამოქალაქო სექტორზე.

ანონიმური გვერდების მიერ გავრცელებული კარიკატურების თუ მანიპულირებული ფოტოების შინაარსი უმეტესწილად არაეთიკურია და მათი ტირაჟირებისგან თავს ვიკავებთ. ეს გვერდები ძირითადად მიუთითებენ არასამთავრობო სექტორის კავშირებზე “ნაციონალურ მოძრაობასთან”. პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებულია, ანუ მათ რეკლამირებაში ფულია გადახდილი.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ ამ აქტივობის უკან “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული ძალები დგანან.

“ასეთი გვერდები აქტიურდება ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მაგალითად, ასეთი გვერდების მხრიდან კოორდინირებულ შეტევას და დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი ბასიანის აქციებისას, შემდეგ- სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციების დროს. როგორც წესი, ისინი ცდილობენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. მათი მესიჯბოქსი და გზავნილი არის იგივე, რაც “ქართული ოცნებას” აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან სულ ცოტა ხანში დაიწყებული მასშტაბური შეტევა სამოქალაქო სექტორზე ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს ანონიმური გვერდები სინამდვილეში არ არის ანონიმური და არის “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირების მხრიდან ორგანიზებული და მიზანმიმართულად გამოიყენება განსხვავებული აზრის დისკრედიტაციისა და ჩახშობისთვის”, – უთხრა ბენიძემ “ნეტგაზეთს”.

მთავარი პრობლემა, რაც ამ შემთხვევაში იკვეთება, ბენიძის აზრით, არის არადეკლარირებული, შავი ფული საარჩევნო კამპანიაში.

“ეს არის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, როდესაც მსგავსი აქტივობებით ხდება პოლიტიკურ პარტიების და სხვადასხვა აქტორების დისკრედიტაცია. ანონიმური გვერდები საკუთარ დეკლარაციას არსად წარადგენენ. ეს თანხა არის არადეკლარირებული კამპანიის ფინანსები. აუდიტის სამსახურს არ აქვს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი და ბერკეტი, რომ რეალურად გამოიკვლიოს მსგავსი შემთხვევები. ამ პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით გამოიკვეთა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, როდესაც ანონომური გვერდების მიერ ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. ამიტომ, წელს ISFED-მა შევიმუშავეთ სპეციალური მეთოდოლოგია და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ვაკვირდებით სოციალურ ქსელებში აქტივობებს, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდების აქტივობას და ჩვენს ანგარიშში აუცილებლად შევაფასებთ, თუ რა მასშტაბებს აღწევს მსგავსი ტიპის კამპანიები”, – განაცხადა ბენიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების დისკრედიტაციას სოციალურ ქსელებში თავად NGO-ები ეწევიან, რათა შემდეგ ხელისუფლება დაადანაშაულონ.

“მთავრობა იმდენად მიამიტი და გულუბრყვილო არ არის, რომ რაღაცები დაამონტაჟოს და გაავრცელოს. მე უფრო მგონია, რომ თუ არასწორი ინფორმაცია არის გავრცელებული, თავადვე ამონტაჟებენ და თავადვე ავრცელებენ, რომ მერე ხელი მთავრობისკენ გაიშვირონ. რაც შეეხება არასამთავრობოების და “ნაციონალური მოძრაობის”, მათ შორის, ახალი “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციების დაახლოებას, ეს იმდენად თვალნათელია, რომ არც ფოტო სჭირდება და არც მონტაჟი”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი