ახალი ამბები

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავეს

11 ოქტომბერი, 2018 • 1769
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შსს-მ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 პირი – 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით;’სამართალდამცველებმა “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლით 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, “კურიერის” ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოეპრატორ ლევან კალანდიას “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს” ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ტელეკომპანია იუწყება, „კურიერი“ რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. გადაღების დროს კი კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

თავად კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გადამღები ჯგუფი სამშენებლო ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რკინიგზის მშენებლობაზე კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურ ძალადობაში სდებენ ბრალს. 2 წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წელს, 2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი