ახალი ამბები

ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი სომხეთში ჩაფრინდნენ

11 ოქტომბერი, 2018 • 2659
ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი სომხეთში ჩაფრინდნენ

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო 10 ოქტომბერს, გვიან ღამით, სომხეთში ჩაფრინდა. რამდენიმე საათში ერევანში ჩაფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

ტრუდოსაც და მაკრონსაც ერევნის აეროპორტში დახვდათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

კანადისა და საფრანგეთის ლიდერები ერევანში ფრანკოფონიის XVII სამიტს დაესწრებიან.

ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს.

ფრანკოფონიის წლევანდელი სამიტის თემაა “სოლიდარობით, საერთო ჰუმანისტური ღირებულებებით, მრავალფეროვნების პატივისცემით ცხოვრება — მშვიდობისა და კეთილდღეობის წყარო ფრანკოფონიაში”.

სამიტის შემდეგ ტრუდო სომხეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება — პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ არმენ სარქისიანს, ასევე, სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ს.

“ვიზიტი იქნება კარგი შანსი მხარეებისთვის, განიხილონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები კანადასა და სომხეთს შორის. განიხილონ ის გზები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ორი ქვეყნის კომერციული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება”,- ნათქვამია ვებსაიტზე. ეს ჯასტინ ტრუდოს პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში.

ფრანგული მედიის ცნობით, სომხეთის პარალელურად, პრეზიდენტი მაკრონი აზერბაიჯანსაც ეწვევა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრის მთავარი მიზანი კი, ოფიციალური ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი