კარასინი: ჩვენს საზღვრებთან ბიოლოგიური ლაბორატორიების საკითხს გაეროში წამოვჭრით

მოსკოვი გაეროში წამოჭრის თავის საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსების საკითხს, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 10 ოქტომბერს.

როგორც Ria Novosti წერს, კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს დაუშვას ლუგარის ლაბორატორიის არსებობა საქართველოში.

Tass-ის ცნობით, კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მისი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიების ფუნქციონირების წინააღმდეგია, რადგან ამერიკის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები “საფრთხეს უქმნის” რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების მოსახლეობას.

თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც ამერიკის დაფინანსებით აშენდა, თუმცა საქართველოს საკუთრებაა, რუსეთის ოფიციალური პირების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები “რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელ მაგალითად” შეაფასა.

ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლას მოიცავს.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”]

ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

მას შემდეგ არსებობს ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის მიზანს სინამდვილეში აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლა და ბიოდივერსიების მოწყობა წარმოადგენს; რომ აქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, მათ შორის, ზიკას ვირუსიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არის გამოყვანილი და ა.შ.

ლუგარის ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ შეიძინა აქტუალობა ბოლო კვირების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ განაცხადა, თითქოს ლუგარის ცენტრში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.

თუკი გაინტერესებთ, რას საქმიანობენ ლუგარის ლაბორატორიაში, გირჩევთ, წაიკითხოთ: “ახმეტა-ვირუსის” აღმოჩენა და სხვა ამბები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით;

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.