ახალი ამბები

“ევროპის ფონდი” ემიჯნება ბორდის თავმჯდომარე დევიდ ლის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას

10 ოქტომბერი, 2018 • 4481
“ევროპის ფონდი” ემიჯნება ბორდის თავმჯდომარე დევიდ ლის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას

ევროპის ფონდი “კატეგორიულად ემიჯნება” ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დევიდ ლის ბოლოდროინდელ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

ფონდის შეფასებით, სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებით ლი “თავს ესხმის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას”.

“თითოეული პიროვნების გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულებაა, თუმცა ვიტოვებთ უფლებას, კატეგორიულად გავემიჯნოთ საბჭოს თავმჯდომარის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყნის სამოქალაქო სექტორის რეპუტაციას და მის რეალურ ფუნქციას, იყოს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის ერთ-ერთი გარანტი”,- წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლი, “მაგთიკომის” ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად ევროპის ფონდის ბორდის წევრობასთან ერთად ევროპული ბიზნესასოციაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერიცაა, ბოლო პერიოდში ფეისბუკის საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო შინაარსის ტექსტებს აქვეყნებს.

ერთ-ერთ ბოლო პოსტში, მაგალითად, ლიმ “კომედია, ტრაგედია ან თაღლითობა” უწოდა არასამთავრობოების კრიტიკულ გამოხმაურებას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.

ევროპის ფონდი წერს, რომ მათ თანამშრომლებსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს “ყოველთვის გამოარჩევდათ საჯარო განცხადებების მაღალი სტანდარტი”, დევიდ ლის “ბოლოდროინდელი ქმედება კი პრინციპულად ეწინააღმდეგება ფონდის მიერ დაწესებულ ამ მაღალ სტანდარტს”.

“2018 წლის ივლისში ევროპის ფონდის ხელმძღვანელობა და სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი ერთსულოვნად, საჯაროდ გაემიჯნენ თავჯდომარის განცხადებებს. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა საკმარისი, რამდენადაც დევიდ ლი განაგრძობს მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაკნინებას, მაშინ, როდესაც ფონდის მისია სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაა. ვიზიარებთ რა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვმუშაობთ სამეთვალყურეო საბჭოსთან დადგენილი პროცედურების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად”, — აცხადებენ ფონდში.

ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკეს სხვადასხვა ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა თუ საპრეზიდენტო კანდიდატებმა, მათ შორის- ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილმა, კახა კალაძემ და სხვებმა. არასამთავრობოებმა ეს განცხადებები მათი დისკრედიტაციისაკენ მიმართულ რიტორიკად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი