თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად კამპანიას იწყებს

თბილისის ზოოპარკი საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. პროექტს ინიციატორები წარადგენენ 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე.

კამპანიასთან დაკავშირებით 11 და 12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ამავე აუდიტორიაში, თბილისის ზოოპარკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით, ჩატარდება კონფერეცია “სახეობათა კონსერვაცია და გარეული ცხოველების დაავადებები”. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მეცნიერები (ნიდერლანდები, იტალია), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, თბილისის ზოოპარკის მეცნიერ-თანამშრომლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები, ასევე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ NACRES-ის ექსპერტები. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

კამპანია “თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად” გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ “ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის” (BIOFIN) ხელშეწყობით ხორციელდება. კამპანიის მიზანია საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის ფინანსების მოძიება და საზოგადოების ჩართვა ფაუნის ადგილობრივი წარმომადგენლების გადარჩენის პროცესში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაცია, რაც სახეობის საბინადრო არეალის შესწავლას, ინდივიდების გამრავლებას და შემდგომ რეინტროდუქციას, ანუ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, დაწყებულია დაობლებული ბელების რეაბილიტაციის პროექტი.

კონფერენციაზე განსახილველი თემები: მთის ჩლიქოსნების სტატუსის მდგომარეობის შეფასება და კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა კონსერვაციაში, გარეული ცხოველების დაავადებები.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, საქართველოში გარემოს დაცვა უმეტეს შემთხვევაში გამწვანებასთან ან დასუფთავებასთან ასოცირდება, ხოლო არანაკლებ მნიშვნელოვან თემას – საქართველოში გავრცელებული გარეული ცხოველების დაცვას – მინიმალური ყურადღება ექცევა.

“პრობლემა მართლაც რომ მწვავეა. ადამიანის უგუნურმა და მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო – გადაშენების საფრთხის წინაშე არაერთი სახეობა აღმოჩნდა. თბილისის ზოოპარკი, ასრულებს რა ზოოპარკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, იწყებს კამპანიას საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის დაფინანსების მოსაძიებლად” ,– აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ზოოპარკის მიზანია, მოსახლეობისთვის აქტუალური გახდეს გარეულ ცხოველებზე ზრუნვა, რათა მომავალმა თაობებმა მხოლოდ წიგნებში არ ამოიკითხონ, რომ საქართველოში ოდესღაც ესა თუ ის ცხოველი ბინადრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.