ახალი ამბები

რა (არ) დაადასტურა ყიფიანის ჩვენებამ ოქუაშვილის მონაყოლიდან

10 ოქტომბერი, 2018 • 2013
რა (არ) დაადასტურა ყიფიანის ჩვენებამ ოქუაშვილის მონაყოლიდან

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენება გაასაჯაროა.

ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სპორტის ყოფილი მინისტრი პროკურატურაში  ყვება “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენების მისეულ ვერსიას.

კერძოდ, ყიფიანის თქმით, მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ოქუაშვილის თხოვნით, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით მომზადდა, რათა ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს უცხოელი ბიზნესპარტნიორები დაერწმუნებინა, რომ კომპანია საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იყო.

ყიფიანის თქმით, ჩანაწერების მომზადების მიზანი უცხოელი პარტნიორების წინაშე “ომეგა ჯგუფის” ვალდებულებების გადავადება იყო, თუმცა სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები დამონტაჟებულია.

რა  დაადასტურა ყიფიანის ჩვენებამ ოქუაშვილის მონაყოლიდან:

[checklist]

  • პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყიფიანი ადასტურებს, რომ ის და ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ორჯერ მართლაც შეხვდნენ.
  • ოქუაშვილის მონაყოლის მსგავსად, ყიფიანიც ადასტურებს,  რომ პირველ შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრებოდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი.
  • ყიფიანის თქმით, შეხვედრის მიზანი  საქართველოში თამბაქოს წარმოების გაფართოებაზე საუბარი იყო. ასევე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც ქართული ბიზნესი დგას, მათ შორის ისაუბრეს დემპინგზეც.
  • ყიფიანი ასევე ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა იმ ვალის რესტრუქტურიზაციას ეხებოდა, რომელიც “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს წინაშე დაუგროვდა.
  • სპორტის ყოფილი მინისტრი არ უარყოფს, რომ 4 მილიონის ბანკიდან გატანაში ოქუაშვილს დაეხმარა.
  • მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს დახმარებისთვის ბანკიდან რამდენჯერმე დაურეკა, რადგან თიბისი ბანკის ფილიალში 17:30 საათზე მივიდნენ და ფიქრობდა, რომ ბანკის სამუშაო საათებში შესაძლოა ოპერაციის განხორციელება ვერ მოესწროთ. თუმცა ყიფიანი აცხადებს, რომ ფარცხალაძის დახმარება საჭირო არ გახდა.

[/checklist]

თუმცა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ლევან ყიფიანი ოქუაშვილის მონაყოლის სხვა ეპიზოდებს უარყობს. მათ შორის:

[crosslist]

  • სპორტის ყოფილი მინისტრი არ ადასტურებს ზაზა ოქუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილთან მეორე შეხვედრისას ივანიშვილი ოქუაშვილს 4 მილიონ ლარს პირადად სძალავდა.
  • ყიფიანი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა ნაღდი ფულის სახით ოქუაშვილს თავადვე, საკუთარი ბიზნესისთვის სჭირდებოდა და რადგან დიდ თანხაზე იყო საუბარი, თანხის მოკლე ვადაში გასანაღდებლად სთხოვა ყიფიანს დახმარება.
  • ყიფიანი ასევე არ ადასტურებს, რომ ბანკიდან თანხა გარეშე პირებმა წაიღეს იარაღის მუქარით. ყიფიანის თქმით, ბანკში განაღდებული თანხის ტრანსპორტირება ზაზა ოქუაშვილმა უზრუნველყო.
  • ლევან ყიფიანის თქმით, თანხის გატანისას კომუნიკაცია არც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორთან და არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან არ ჰქონიათ.
  • ლევან ყიფიანი ბანკში ყოფნის დროს გიორგი გახარიასთან კომუნიკაციასაც უარყოფს.
  • სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან კარგი მეგობრული ურთირთობა აქვს და ოქუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს კვირიკაშვილთან შეხვედრის გამო ფარცხალაძემ ის დასაჯა და თავისი სახლის სარდაფში ფიზიკურად გაუსწორდა – სიცრუეა.
  • მთლიანობაში, ყიფიანი ოქუაშვილის ბრალდებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თანხების გამოძალვაზე უარყფოს.
  • ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერები დადგმულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, საუბრების ტექსტი წინასწარ იყო მომზადებული, ისინი მეტი დამაჯერებლობისთვის ხელახლა დაამონტაჟეს.

[/crosslist]

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩვენება, სადაც ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მისეულ ვერსიას ყვება, სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ასევე გაეცანით:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი