@StalinskyK

ადმინისტრაციული წესით უსაფუძვლოდ დაკავების შემდეგ პირს ზიანი, შესაძლოა, აღარ აუნაზღაურონ – საია

იმ შემთხვევაში, თუ პირს ადმინისტრაციული წესით დააკავებენ, შემდეგ კი სასამართლო დაადგენს, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, შესაძლოა, მას ზიანი აღარ აუნაზღაურონ. ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნონა ქურდოვანიძე.

როგორც იურისტი ნეტგაზეთს უყვება, ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსი ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც პოლიცია ჩათვლის, რომ საქმე სამართალდარღვევასთან აქვს. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია უდანაშაულო პირს დააკავებს, მას, შესაძლოა, ზიანი აღარ აუნაზღაურონ.

“საქმე, რომელიც ჩვენ ახლა გვქონდა და რომელზეც უზენაეს სასამართლოში მიიღეს გადაწყვეტილება, ეხება ზიანის ანაზღაურებას. კონკრეტულად კი, ორი ადამიანი სასამართლომ არ ჩათვალა სამართალდამრღვევად, როდესაც მათ მიმართ ოქმები შედგენილი იყო და ისინი დაკავებული იყვნენ. სასამართლომ თქვა, რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ  გარკვეული დროის განმავლობაში (ერთს დაახლოებით 16 საათის, მეორეს კი 3 საათის განმავლობაში) თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული. ერთი-ერთი მათგანი იზოლატორშიც იყო გადაყვანილი.

“შესაბამისად, ეს უარყოფითი ეფექტი, რაც ამ ადამიანებმა განიცადეს მსგავსი არასწორი ადმინისტრაციული დაკავებით, ბუნებრივია, უნდა ითვალისწინებდეს კომპენსირებას ზიანის ანაზღაურების სახით,” – მიიჩნევს ნონა ქურდოვანიძე.

როგორც ქურდოვანიძე ამბობს, მათ სასამართლოს მიმართეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მისი თქმით, თბილისი სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მათი არგუმენტები და ჩათვალა, რომ შსს-ს უნდა აენაზღაურებინა ზიანი, ერთის შეთხვევაში 1 000, ხოლო მეორე პირის შემთხვევაში – 500 ლარით.

“ეს გადაყწვეტილება შსს-მ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ჩვენ დღეს ჩავიბარეთ გადაწყვეტილება, რომლითაც გვეცნობა, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანი არ უნდა ანაზღაურდეს,” – ყვება ის.

იურისტის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ პოლიციას უფრო თავისუფლად შეეძლება ადმინისტრაციული დაკავების უსაფუძვლოდ გამოყენება.

“მათ აღარ ექნებათ შიში, რომ უკანონოდ დაკავებული პირი ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად გამოირიცხა, რომ ზიანის ანაზღაურება ამ შემთხვევში შესაძლებელია. ეს გადაწყვეტილება სხვა არაერთ საქმეზე დამაზიანებელ გავლენას მოახდენს. აღნიშნული განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის სახელმძღვანელო განმარტება იქნება და ისინი არ დააკმაყოფილებენ ამ ტიპის დავებს, რაც სამართლიანი არა არის,” – დასძენს იურისტი.

ქურდოვანიძის თქმით, საია უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს კამპანიას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლას ითხოვს. როგორც იურისტი განმარტავს, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია ფიქრობს, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან