ახალი ამბები

თბილისში შემოწმებულ ოთხ ლოკაციაზე ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება

10 ოქტომბერი, 2018 • 1481
თბილისში შემოწმებულ ოთხ ლოკაციაზე ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა განსაზღვრა.

სააგენტოს ინფორმაციით, ავტომატური სადგურების საშუალებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 7 ოქტომბერს მხოლოდ ქუთაისში აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება, ხოლო 8 ოქტომბერს თბილისში, ვარკეთილში დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,1-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში- 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში, ასევე, ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე- 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს და კვლევის არეალი გაფართოვდა. გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: აბაშიძის ქ.N 14, ქეთევან წამებულის N90, დადიანის ქუჩა N19 და ტელევიზია “იმედის” ეზოში. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი