ახალი ამბები

კითხვა, რომელიც ლევან ყიფიანის ჩვენებამ გააჩინა

11 ოქტომბერი, 2018 • 2141
კითხვა, რომელიც ლევან ყიფიანის ჩვენებამ გააჩინა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  საჯარო გახადა “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენება. ჩვენებამ გააჩინა კითხვა, რომელიც გამოკითხვისას პროკურორს ყიფიანისთვის არ დაუსვამს:


ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ მან და ზაზა ოქუაშვილმა წინასწარ შეთანხმებით ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია  2018 წელს, მთავრობის ცვლილებების შემდეგ განახორციელეს.

ჩნდება კითხვა, რატომ საურობენ “დადგმულ ჩანაწერებში” მხოლოდ კვირიკაშვილსა და მისი მთავრობის წევრებზე? არცერთ საუბარში არ ფიგურირებს პრემიერი ბახტაძე, მისი მთავრობის ფინანსთა მინისტრი… სამაგიეროდ საუბარია ნოდარ ხადურსა და დიმიტრი ქუმსიშვილზე. თუ დადგმული ჩანაწერების მიზანი ოქუაშვილის უცხოელ პარტნიორებზე ზეგავლენის მოხდენა და “ომეგა ჯგუფის” სახელისუფლო დევნაში დარწმუნება იყო, რასაც სავარაუდოდ დროში განგრძობითი ხასიათი უნდა ჰქონოდა, რადგან ოქუაშვილმა 2018 წელს მოინდომა ამ ჩანაწერების ფაბრიკაცია, რატომ არ ახსენეს არცერთ ჩანაწერში ახალი მთავრობა?

ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა იყოს ის, რომ ოქუაშვილი მართალია და ჩანაწერები მართლაც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, როდესაც კვირიკაშვილი იყო პრემიერი. პასუხი ასევე შესაძლოა იყოს ის, რომ ყიფიანია მართალი და ოქუაშვილმა ბახტაძის მთავრობას უცხოელ პარტნიორებთან “ხელი დააფარა”, ან ის, რომ ოქუაშვილმა და ყიფიანმა “დადგმულ ჩანაწერებში” ბახტაძის მთავრობაც ახსენეს და შემდეგ წყარომ, რომელიც რ2-სა და იბერიას აღნიშნულ ჩანაწერებს აწვდიდა, ამ ნაწილის გასაჯაროება საჭიროდ აღარ ჩათვალა, რადგან ქართული აუდიტორიის წინაშეც სურდა ბახტაძისთვის ხელის დაფარება.

თუმცა საკითხავია, რატომ უნდა გაეკთებინა ოქუაშვილს ეს, როდესაც იმავე ყიფიანის ჩვენების მიხედვით, წინა მთავრობის წარმომადგენლებთან ბევრად წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხზე, ვიდრე ახალთან.

ლევან ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, რომ ის დადგმული ჩანაწერებიც კი, რომლებშიც ყიფიანი ოქუაშვილის თხოვნით მონაწილეობს, დამონტაჟებულია. მისი თქმით, შესაძლოა ეს იყოს ამ გარემოების ახსნა. თუმცა, ადვოკატის თქმით, უმჯობესია ამ საკითხზე თავდ ლევან ყიფიანს დავუსვათ შეკითხვა, რომელიც პრესკონფერენციას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გამართავს.

ამავე თემაზე გირჩევთ

რა (არ) დაადასტურა ყიფიანის ჩვენებამ ოქუაშვილის მონაყოლიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი