“კურიერის” ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს, 10 ოქტომებრს, “კურიერის” ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოეპრატორ ლევან კალანდიას “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს” ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რომელიც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არის ჩადენილი.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, „კურიერი“ რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. გადაღების დროს კი კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

“რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი”, – წერს რუსთავი ორი.

აღნიშნულს თავად კომპანია ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ დაპირისპირება იმის შემდეგ მოხდა, რაც გადამღები ჯგუფი სამშენებლო ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა.

“ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას. ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან”, – ამბობს კომპანია.

ვრცლად აღნიშნულთან დაკავშირებით  შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

გარეკანი ფოტო: რ2

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან