ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პირველი ტექნოლოგიური ლაბორატორია STEM აფხაზი მოსწავლეებისთვის

10 ოქტომბერი, 2018 • 2244
პირველი ტექნოლოგიური ლაბორატორია STEM აფხაზი მოსწავლეებისთვის

აფხაზეთში პირველი STEM [Science, Technology, Engineering and Mathematics] სკოლა-ლაბორატორია გახსნეს, სადაც სასკოლო ასაკის ბავშვებს ასწავლიან პროგრამირებას, 3D მოდელირებას და ბეჭდვას, რობოტოტექნიკასა და გრაფიკულ დიზაინს.  

სკოლის დირექტორი დამეი ჯონუა დარწმუნებულია, რომ 3D პრინტერი სულ მალე პირველადი მოხმარების საგანი გახდება, შესაბამისად, მისი გამოყენების სწავლა ახლავე უნდა დაიწყონ სასკოლო ასაკის ბავშვებმა.

“დარწმუნებული ვარ, ასეთი პრინტერები, ისევე როგორც, მაგალითად, მიკროტალღური ღუმელები, მალე ყველა სახლში იდგება”, – ამბობს ჯონუა.

STEM სკოლა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

თუმცა იმისთვის, რომ 3D პრინტერით ისარგებლო, აუცილებელია საგნის 3D მოდელი. აქ კი უკვე საჭირო არიან დიზაინერები, რომლებიც ამ მოდელებს შექმნიან. სკოლაში აფხაზ მოსწავლეებს სწორედ ამ მოდელების შექმნას ასწავლიან.

არქიტექტორი მადინა ჩხოტუა მოსწავლეებს რთულ პროგრამაში მუშაობას ასწავლის.

“ასეთ პრინტერებზე შინაგან ორგანოებსაც კი ბეჭდავენ უკვე, თუმცა თავიდან საჭიროა მათი მოდელირება, აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ ფილმებისა და მულტფილების შესაქმნელადაც ასეთი პროგრამებია აუცილებელი”, – ამბობს მადინა ჩხოტუა, არქიტექტორი და სკოლის მასწავლებელი.

STEM სკოლა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

ამჟამად მადინა ჩხოტუას მოსწავლეები სპინერის მაკეტს ქმნიან, რომელიც შემდეგ 3D პრინტერზე უნდა ამობეჭდონ.

“მინდა, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოს, ამიტომაც იმის მოდელირებას ვაკეთებთ ახლა, რაც ბავშვებში პოპულარულია”, – ამბობს მადინა.

3D მოდელირების პარალელურად, სკოლაში ვებ-დიზაინს, პროგრამირებას და რობოტოტექნიკას ასწავლიან.

სკოლის დირექტორის, დამეი ჯონუას თქმით, ეს უნარები და ცოდნა თანამედროვე სპეციალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“პროგრესი არ დგას ერთ ადგილზე. მალე სამუშაოს დიდ ნაწილს კომპიუტერები შეასრულებს. იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ დროს და უმუშევარი არ დარჩეს ახალგაზრდობა,  ახალი პროფესიების დაუფლებაა საჭირო”, – ამბობს ის.

დღეს IT სფეროში აფხაზეთში სპეციალისტების პოვნა რთულია, აქამდე მსგავსი შემსწავლელი სივრცეც არ ყოფილა. თუმცა დამეიმ და მისმა თანამოააზრეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ამშრას”ფინანსური დახმარებით მსგავსი სკოლის გახსნა მოახერხეს.

ბავშვები დიდი ინტერესით დადიან მეცადინეობებზე, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ მათთვის საინტერესო გარემოა.

მერვეკლასელ ესნატ ტარბას 3D  მულტფილმები ბავშვობიდან უყვარდა, ახლა ამის კეთების სწავლა უკვე თავად უნდა.

სკოლის მოსწავლეები სკოლაში საქმიანობას მომავალ პროფესიებს უკავშირებენ.

“მინდა 3D მოდელების შექმნა ვისწავლო, თუმცა ექიმობაზე ვოცნებობ. ვფიქრობ, გამომადგება, თუკი ოდესმე ორგანოების გადანერგვით დავკავდები”, – ამბობს მერვეკლასელი სარია დბარი.

სამირ გუნია მომავლში არქიტექტორობას აპირებს, სახლების პროექტირება კი სწორედ 3D მოდელირებით უნდა.

სკოლა-ლაბორატორიის დამაარსებელთა გეგმებში კიდევ რამდენიმე კურსის გახსნა შედის, მაგალითად, უპილოტო მფრინავი აპარატების შექმნის კურსი.

STEM სკოლაში ერთთვიანი სწავლების ღირებულება 1000 რუბლია [დაახლოებით, 15 აშშ დოლარი].

STEM სკოლა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი