ახალი ამბები

გირგვლიანის პროცესზე ირაკლი კაკაბაძემ დათა ახალაიას ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა

17 აპრილი, 2014 • • 2555
გირგვლიანის პროცესზე ირაკლი კაკაბაძემ დათა ახალაიას ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა

სასამართლოში მივიდა ირაკლი კაკაბაძე, რომელიც გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულ დათა ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს აფურთხებდა. კაკაბაძის თქმით, ამის მიზეზი არის ზაქარეიშვილის მიერ დღეს დილით გაკეთებული განცხადება, რომ გირგვლიანის სიკვდილში გირგვლიანის მეგობარი ლევან ბუხაიძეა დამნაშავე.

 

“არსებობს რაღაც მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები და ამ კატეგორიების დაცემასთან გვაქვს საქმე. ის კაცი ფურთხის ღირსი იყო და მიიღო, და კიდევ მიიღებს ფურთხს ყოველდღე, როცა გამოჩნდება, ქართველი ერის ზომბირების კამპანიის გამო”,- განაცხადა კაკაბაძემ.

 

ირაკლი კაკაბაძე და დაჩი ცაგურია გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
ირაკლი კაკაბაძე და დაჩი ცაგურია გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

კაკაბაძესთნ ერთად იმყოფებოდა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

 

ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მასზე თავდასხმის ფაქტი მანდატურის სამსახურმა დააფიქსირა და უნდა დაიწყოს გამოძიება.

 

“ფაქტია, რომ სასამართლოს შენობაში დარბაზთან დამესხა თავს კაკაბაძე. იფურთხებოდა აქლემივით, მემუქრებოდნენ და იგინებოდნენ. ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დამესხნენ თავს”,- განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვზე ზეწოლა ხორციელდება.

 

ლევან ბუხაიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
ლევან ბუხაიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდა სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანიც:

 

“დღეს დაიწყო არსებითი განხილვა. მოვედით იმიტომ, რომ არ ეგონოთ ადამიანებს და საზოგადოებას, რომ ჩვენ გვძინავს და აქ არ ვართ.  მთავარი მომენტი იცით რა არის? დღეს დილით გამოდის ადვოკატი ზაქარეიშვილი, რომელიც კაციშვილმა არ იცის ვისი ადვოკატია. ამ პიროვნებას, როგორც ეტყობა, არ აქვს წაკითხული სასამართლოს გადაწყვეტილება. პატარა მიშა სააკაშვილი მეგონა. მას სკანდალი უნდა, მეტი არაფერი, რომ მერე თქვას: ნახეთ, რა დღეში ჩამაგდეს მე საცოდავი პრიოვნებაო. ჩვენ არ გვნდა, რომ გავღიზიანდეთ. მაგათი მიზანი ეგ არის. დაინახეთ, რომ არც მერაბიშვილის მეუღლე ბრძანდებოდა დღეს, რადგან იციან, რომ სხვა პასუხს მიიღებენ აქ. თვითონ ყოფილმა პრეზიდენტმაც აღიარა დანაშაული”,- განაცხადა გურამ გირგვლიანმა, სანდრო გირგვლიანის მამამ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა 28 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება. საქმეში ბრალდებულები არიან დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ოლეგ მელნიკოვი, ვალერიან მეტრეველი. სხდომას არ ესწრებოდნენ არც მელნიკოვი და არც მერაბიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი