ახალი ამბები

იმ ადამიანების 40-50%, ვინც დღეს სესხს იღებს, სესხებს ვეღარ აიღებს – ბანკების ასოციაცია

10 ოქტომბერი, 2018 • 3350
იმ ადამიანების 40-50%, ვინც დღეს სესხს იღებს, სესხებს ვეღარ აიღებს – ბანკების ასოციაცია

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბანკო რეგულაცია, რომელიც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს განსაზღვრავს, სესხების აღებას შეამცირებს. ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ რეგულაციების ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო სესხების აღება შემცირდება.

“ჩვენი გათვლებით იმ ადამიანების 40-50%, ვინც დღეს სესხს იღებს, 1 ნოემბრიდან სესხებს ვეღარ აიღებენ. მათთვის კი, ვინც სესხის აღებას მოახერხებს, ეს პროცედურა დროში გაიწელება. როგორც არ უნდა მოერგოს საბანკო სექტორი ამ რეგულაციებს, გარკვეული ადამიანები სესხის აღებას მაინც ვეღარ შეძლებენ”, – აცხადებს ძნელაძე BMG-ისთან საუბრისას.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულაციებს ე.წ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებით ხსნის. სები კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეამოწმოს. ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს.

რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლიელბას, რომელიც კომერციული ბანკებითვის 1 ნოემბრიდან შევა ძალაში, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით.

სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი 500 ლარის შემთხვევაში 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ანუ სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, თუ პირს აქვს 500-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, მას არ შეეძლება ისეთი სესხის აღება, რომლის დასაფარადაც თვეში 75 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 500-1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი 20% იქნება.

შემოსავლების ზრდასთან ერთად, სასესხო ტვირთი შემდეგნაირად განაწილდება:

  • 1000-2000 ლარი – 25%;
  • 2000-4000 ლარი – 30%;
  • 4000-800 ლარი – 35%.

მასალების გადაბეჭდვის წესი