ახალი ამბები

სიღნაღის ისტორიული გალავანი “უნებართვოდ და ვანდალურად” შელესეს – სააგენტო

10 ოქტომბერი, 2018 • 4598
სიღნაღის ისტორიული გალავანი “უნებართვოდ და ვანდალურად” შელესეს – სააგენტო

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე სამშენებლო სამუშაოები “უნებართვოდ მიმდინარეობს”, რაზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რეაგირებას აპირებს.

გალავნის “შელესვის” ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში მარიამ ყიასაშვილმა განათავსა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, სადაც სიღნაღის გალავანზე მიმდინარე სამუშაოებს “უნებართვო და ვანდალური აქტი” უწოდეს. როგორც სააგენტოში წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე განმარტავენ, სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მათივე პროექტით მიმდინარეობს, თუმცა ისტორიულ ძეგლზე ასეთი სამუშაოების განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვა სჭირდებოდა, რაც არ გაცემულა.

“ეს არის უხეში ზემოქმედება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და ჩვენი რეაგირება აუცილებლად უმკაცრესი იქნება. ეს ითვალისწინებს როგორც ფინანსურ ჯარიმას, ასევე, ვალდებულების დაკისრებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეს სეგმენტი პირველადი სახით აღდგეს. პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ატარებს, არამედ ყველას, ვინც კი ჩართული იყო ამ პროცესში. სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მიდიან სიღნაღში, რათა გამოიკვლიონ, რის საფუძველზე დაიწყო სამუშაოები, ვინ იყო ჩართული და ა.შ.” – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტო მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი