ახალი ამბები

დომინოს პიცა, ანაგი, არქი – კომპანიები, რომელთა მენეჯერებმა ზურაბიშვილს 353 ათასი შესწირეს

10 ოქტომბერი, 2018 • 12520
დომინოს პიცა, ანაგი, არქი – კომპანიები, რომელთა მენეჯერებმა ზურაბიშვილს 353 ათასი შესწირეს

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 8–9 ოქტომბერს, შემოწირულობის სახით, 353 757 ლარი მიიღო. შემომწირველებს შორის არიან სამშენებლო კომპანიებისა და ბენზინგასამართი სადგურების მენეჯერები. ზურაბიშვილს ფული შესწირეს კვების სფეროში მომუშავე კომპანიების მენეჯერებმა და მფლობელებმაც.

სამშენებლო ბიზნესი

სამშენებლო კომპანია “ანაგი”

სამშენებლო კომპანია “ანაგის” ოთხმა თანამშრომელმა 8–9 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს, ჯამში,  95 ათასი ლარი გადაურიცხეს. ამ კომპანიამ 2017 წლის დეკემბერში მოიგო დახურული ტენდერი, რომლის შედეგადაც, ის ბათუმში ფეხბურთის სტადიონის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 99.4 მილიონ ლარს მიიღებს.

“ანაგის” თანამშრომლები, რომლებმაც თანხა სალომე ზურაბიშვილს შესწირეს, არიან:

  • დავით შალიკაძე, 35 ათასი ლარი –  შალიკაძე არის სამშენებლო კომპანია “ანაგი თბილისის” 10%-ის მფლობელი, მას ასევე ეკუთვნის კომპანია “მინისო საქართველოს” (იგივე მაღაზიათა ქსელი “მინისო) 5%; შალიკაძემ 2012 წელს 5 ათასი ლარი შესწირა “ნაციონალურ მოძრაობასან” დაკავშირებულ ორგანიზაციას “საქართველო არ იყიდება”;
  • ზვიად მუკუტაძე, 50 ათასი ლარი – სამშენებლო კომპანია “ანაგის” უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი. ამ კომპანიაში მუშაობს 2012 წლიდან;
  • მერაბ ფრანგიშვილი, 4 ათასი ლარი – სამშენებლო კომპანია “ანაგის” სამუშაოთა მწარმოებელი;
  • დავით ნიქაბაძე, 5 ათასი ლარი – შპს “ვორლდ აიდეა პროდაქშენის” 25%-ის მფლობელი;
  • გიორგი ჩიხლაძე, 6 ათასი ლარი – სამშენებლო კომპანია “ანაგის” ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი თბილისის ოფისში.

სამშენებლო კომპანია “არქი”

სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი გადაურიცხა თენგიზ წულაიამ, რომელიც არის სამშენებლო კომპანია “არქის” შვილობილი კომპანიების დირექტორი და ამავე კომპანიებში პარლამენტარ ივლიანე (ილია) წულაიას წილის მფლობელი; თენგიზ წულაიამ “ქართულ ოცნებას” 2017 წელს 40 ათასი ლარი შესწირა. ჯამში, “არქის” მენეჯერებმა და მეწილეებმა სალომე ზურაბიშვილს 300 ათასი ლარი გადაურიცხეს.

კვების მრეწველობა

სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა ნური ჩანქსელიანმა, რომელიც არის პურისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ბევრილი ჯგუფის” პარტნიორი. ამავე კომპანიაში ის არის “ქართული ოცნების” დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანის 70%-იანი წილის მმართველიც. გარდა ამისა, ის არის საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია – გლობალაგროს გამგეობის წევრი; ჩანქსელიანს 2016 წელს “ქართული ოცნებისთვის” 18 ათას ლარამდე აქვს შეწირული.

სალომე ზურაბიშვილს 5 ათასი ლარი გადაურიცხა “დომინოს პიცის” (შპს ჯეოპიცა) დირექტორმა მარიამ ფაცაციამ;

ნავთობბიზნესი

სალომე ზურაბიშვილის 8–9 ოქტომბრის შემომწირველებს შორის არიან ბენზინგასამართი სადგურების მენეჯერები.

შპს შპს Lion-ის  (ბენზინგასამართი სადგური) დირექტორმა ვაჟა ლეკიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბიშვილისთვის 15 ათასი ლარი გაიღო. მანვე 2017 წელს “ქართულ ოცნებას” გადაურიცხა 40 ათასი ლარი.

ზურაბიშვილს 5 ათასი ლარი გადაურიცხა ბექა კიკალეიშვილმა, რომელიც არის შპს “იბერკომპანის” აღმასრულებელი დირექტორი. აღნიშნული კომპანია ფლობს ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, “ოპტიმას”, ასევე, არაბრენდირებულ სადგურებს ამარაგებს სარეალიზაციო საწვავით; მან “ქართულ ოცნებას” 2017 წელს შესწირა 30 ათასი ლარი.

სხვები

ზურაბიშვილს 5 ათასი ლარი გადაურიცხა კიდევ ერთმა ექიმმა. ვახტანგ უკლებამ, რომელიც აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგია.

დანარჩენი შემომწირვეელბი არიან:

  • დავით ბალანჩივაძე, 55 ათასი ლარი – კომპანია RMG Copper-ის ყოფილი დირექტორი (RMG ბოლნისში ოქრო-ვერცხლის მოპოვებითაა დაკავებული);
  • ბესიკ პაპუნაიშვილი, 6 ათასი ლარი – “ჩინეთ–საქართველოს კომპანია პეისინისა” და “ქიბიჯის” (საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა) მეწილე;
  • მიხეილ ჯანელიძე, 10 ათასი ლარი – ინდმეწარმე;
  • თეიმურაზ მეგრელიძე, 12 ათასი ლარი;
  • იოსებ მაკრახიძე, 50 ათასი ლარი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 25 ათასი ლარი შესწირა, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” – 50 ათასი ლარი. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს მაკრახიძის ოჯახის შემოსავალი 300 ათას ლარს აღწევდა სხვადასხვა კომპანიიდან;
  • მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი, 100 ლარი;
  • ლევან ჩიკვაიძე, 500 ლარი – 2013–2016 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 47 900 ლარი. “საქართველოს ლატარიის კომპანიისა” და “საქართველოს ფოსტის დირექტორი”;
  • ბექა მამულაშვილი, 5 ათასი ლარი;
  • ირაკლი ნინუა, 5 ათასი ლარი – “ქართულ ოცნებას” 2016 წელს 20 ათასი ლარი შესწირა;
  • მალხაზ ყანჩაველი, 5 ათასი ლარი – “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” პარტნიორი.

სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებიდან დღემდე (28 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე) 2 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი