ქარიშხალ მაიკლის გამო ფლორიდაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

აშშ-ში, ფლორიდაში მძვინვარე ქარიშხალ მაიკლის გამო 370 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლებამ ამ მასშტაბის ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქარიშხლი მე-4 კატეგორიის შტორმად შეფასდა, რაც უკიდურესად საშიშს ნიშნავს. CNN-ის ინფორმაციით, მე-4 კატეგორია სიცოცხლისთვის საშიშ სტიქიად ითვლება. ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოსალოდნელია, ქარიშხლის სიმძლავრემ საათში 200 კმ-ს გადააჭარბოს.

ბოლო კვირაში მიმდინარე წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ცენტრალურ ამერიკაში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის გამო ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგენგებო მდგომარეობა მოქმედებს ალაბამასა და ჯორჯიაშიც.

მაიამიში მდებარე ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფლორიდის ზოგიერთ რეგიონში შტორმის სიმძლავრე 4 მეტრი იქნება. შექმნილი ვითარების გამო ფლორიდაში დაიხურა სკოლები.

ფლორიდის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქარიშხალი მაიკლი ყველაზე დიდი სტიქიაა, რაც კი რეგიონში ბოლო ათი წლის განმავობაში ყოფილა. შტატის გუბერმნატორი რიკ სკოტი აცხადებს, რომ თუ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს არ დაემორჩილებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

სტიქიასთან საბრძოლველად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, რეგიონს ფედერალური ბიუჯეტიდანაც გამოეყოფა სახსრები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.